LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება – პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლების და ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა

136
garibashvili

“შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება”. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“შარლ მიშელის მიერ ორგანიზებული შეხვედრა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართა. დიალოგი გავმართეთ და ვიმსჯელეთ იმ განსხვავებებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს. ბუნებრივია გვაქვს პრინციპული საკითხები, ასევე მოვისმინეთ თითოეული მონაწილისგან მათ მიერ დასმული შეკითხვები. შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება. ევროპის საბჭოს პრეზიდენტის რეკომენდაცია იყო, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში გამოვნახოთ საერთო ენა, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ჩვენ უნდა გამოვნახოთ შესაძლებლობა, რომელიც გაგვაერთიანებს. საერთო ეროვნული კონსესუსი და თანხმობა რეალურ კონკრეტულ საკითხებზე – ეს არის რაც სჭირდება ჩვენ ქვეყანას. იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია გააგრძელებს მუშაობას და ჩვენ ვადასტურებთ მზაობას, რომ გავაგრძელოთ დიალოგი”,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე დასრულდა. შეგახსენებთ, მხარეებს შორის დიალოგი ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ინიციატივით შედგა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას დღეს შეხვედრა შესთავაზა. როგორც მან აღნიშნა, “დადგა დრო, ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე”. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კი მზადყოფნა გამოთქვა, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს.