ბაშარ ალ ასადის რეჟიმმა კიდევ ერთი არალეგალური ნაბიჯი გადადგა, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო საზოგადოებას, მან რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები აღიარა დამოუკიდბელ სახელმწიფოებად, – ამის შესახებ გაეროში საქართველოს ელჩმა, კახა იმნაძემ განაცხადა.
როგორც კახა იმნაძემ აღნიშნა, აფხაზეთი და ცხინვალი რჩება რუსეთის არალეგალური სამხედრო ოკუპაციის ქვეშ.
„ეჭვგარეშეა, რომ ეს ნაბიჯი ასადის რეჟიმმა რუსეთის შთაგონებით და წაქეზებით გადადგა. მინდა, აღვნიშნო, რომ ასადის რეჟიმმა ამ ნაბიჯით კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი ეთნიკური წმენდას, რაც გასაკვირი არ არის. რუსეთი ხშირად საუბრობს ხალხთა თვითგამორკვევის უფლებაზე. მინდა შევახსენო მათ, რომ 100 წლის წინ, როდესაც ქართველმა ხალხმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და შექმნის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა, მაშინ ეს ნამდვილად იყო თვითგამორკვევა. თვითგამორკვევა ნამდვილად არ არის ის, როდესაც შენ მოსახლეობის 75 პროცენტზე მეტს გადაასახლებ და დარჩენილებთან თოფის ლულის ქვეშ ე.წ. რეფერენდუმს ჩაატარებ. შემდეგ კი, ამ რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით მოითხოვ თვითგამორკვევას.
ასევე საოცარია, როდესაც ამ თვითგამოცხადებული ე.წ. რესპუბლიკების ლიდერები ითხოვენ ინტეგრაციას სხვა სახელმწიფოსთან. ეს არ არის თვითგამორკვევა. ეს არის მანიპულაცია. ყველაზე მარტივია ასეთ შემთხვევაში შევხედოთ გეოგრაფიას. ჩვენ გვაქვს ბუნებრივი საზღვარი რუსეთსა და საქართველოს შორის – ეს არის კავკასიის მთები. სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთი არასდროს არსებობდა. ყოველთვის იყო ალანიის რესპუბლიკა და სამაჩაბლო. ყველაფერი დანარჩენი კომუნისტების გამოგონილია, როდესაც მათ დაიპყრეს საქართველო. მინდა ასევე ვთქვა, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველო ორი რეგიონის ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმას და ოკუპაციაც გრძელდება”, – აღნიშნა იმნაძემ.
როგორც კახა იმნაძე აცხადებს, მოსკოვი დე ფაქტო ხელისუფლებებთან შეთანხმებებს აფორმებს, რაც ნიშნავს ამ რეგიონების რუსეთში სრულ ინტეგრაციას.
„რუსეთი აგრძელებს სამხედრო ინფრასტრუქტურის მოწყობას. ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფება 10 ათასი რუსი ჯარისკაცი და 3 000 რუსი უშიშროების ოფიცერი. მოსკოვი აგრძელებს სამხედრო წვრთნების ჩატარებას ამ რეგიონებში და აკონტროლებს მათ საჰაერო სივრცეს. რუსეთი ასევე აგრძელებს საფორთიფიკაციო ინფრასტრუქტურის მოწყობას საოკუპაციო ზოლთან. მათ შორის ამონტაჟებს მავთულხლართებს და სხვა ბარიერებს. ის არ უშვებს ამ ტერიტორიებზე საერთაშორისო ორგანიზაციებს. ადგილი აქვს ქართველების დაკავებისა და ეთნიკური ქართველების მკველელობის ფაქტებს. მათ შორის ბოლო მოხდა ახლახანს, როდესაც საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი დააკავეს, ის იდუმალებით მოცულ პირობებში მოკვდა და მისი სხეული მხოლოდ სამი კვირის შემდეგ გადმოგვცეს. ერთი წლის წინ კი კამერებმაც დააფიქსირეს, თუ როგორ დაედევნა აფხაზი ე.წ. მესაზღვრე საქართველოს მოქალაქეს და შემდეგ მოკლა. დამნაშავეები ამ დრომდე დაუსჯელები არიან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რჩებიან,” – განაცხადა კახა იმნაძემ.
გაეროში საქართველოს ელჩმა ისაუბრა, საქართველოს სამშვიდობო ინიციატივაზე, რომელის საქართველო მთავრობამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
მისივე თქმით, ამ ინიციატივის განხორციელებას საოკუპაციო რეჟიმის მიერ შექმნილი ხელოვნური ბარიერები უშლის ხელს.