25 მარტს 13:00 საათზე, თბილისში პარლამენტის წინ სამოქალაქო სექტორის ორგანიზებით საგზაო უსაფრთხოების აქცია გაიმართება, რომელიც ეხმაურება აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ საგზაო შემთხვევას, რის შედეგადაც 11 წლის გოგონა დაიღუპა.
აქციაზე პარლამენტის წინ განთავსდება საგზაო უსაფრთხოების თემატიკაზე შექმნილი ბანერები/პოსტერები და მიცვალებულის “სასახლე” იმის სადემონსტრაციოდ, რომ საქართველოს გზებზე ყოველწლიურად 600 ადამიანი იღუპება და 9,000-ზე მეტი ადამიანი იღებს სხვადასხვა სიმძიმის ტრავმას.
“ამ აქციით მოვუწოდებთ ხელისუფლებას საგზაო უსაფრთხოება გახდეს ქვეყნისთვის პრიორიტეტული საკითხი და აგრესიული მძღოლების მიმართ გამოცხადდეს ნულოვანი ტოლერანტობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით მძღოლების დაახლოებით 25%-ი (250 ათასი პირი) უხეშად არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, განმეორებით იხდიან ჯარიმებს, მაგრამ კვლავ რჩებიან უფლებამოსილ და საზოგადოებისთვის საშიშ მძღოლებად.
საგზაო კრიმინალის და სიკვდილიანობის შესამცირებლად საჭიროა სახელმწიფოს დროული რეაგირება!” – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.