გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი შესაძლოა დღეს გამოცხადდეს. განაჩენის გამოტანამდე დაცვის და ბრალდების მხარე განსხვავებული განცხადებების გაკეთებას აგრძელებენ.
ორივე მხარე დარწმუნებულია, გამარჯვებაში.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, შეუძლებელია, აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენის გარდა, სხვა გადაწყვეტილება გამოაცხადოს.
ყაზარაშვილი ასევე გამოეხმაურა ადვოკატების კომენტარებს და აღნიშნა, რომ ბრალდების მხარეს ადვოკატები ეცოდებოდა, ვინაიდან მათ სასამართლო პროცესზე სათქმელი არაფერი ჰქონდათ, საჯაროდ კი, ბრალდებულების ოჯახის წევრების გასაგონად საუბრობენ.
“მინდა, დაცვის მხარის კომენტარებს გამოვეხმაურო, რომელიც საჯაროდ გაკეთდა. ისეთი შთაბეჭდილება გვექმნება, რომ დაცვის მხარემ ვერაფერი გააკეთა სასამართლო დარბაზში, საზოგადოებასაც ვერ დააჯერა თავისი ტყუილი და ახლა უკვე მათი კომენტარები იქითკენაა მიმართული, რომ ბრალდებულების ოჯახს მაინც დაანახონ, რომ გარკვეული პოზიციები თითქოს, მათ მიერ სასამართლო პროცესზე გამყარდა, რაც რეალობას არ შეესაბამება. ვასილ მამულაშვილმა განაცხადა, რომ თურმე, სამართლებრივად გაგვანადგურა და ბრალდების მხარე შეეცოდა. სასაცილოა, როცა ასეთ კომენტარებს აკეთებენ ადვოკატები საჯაროდ. პირიქით, ჩვენ უფრო გვეცოდებოდა დაცვის მხარე, როცა ირონიულ მდგომარეობაში იყვნენ და არ იცოდნენ რა ელაპარაკათ დასკვნით სიტყვაში.
დღეს, წერტილი დაესმევა დაცვის მხარის ამდაგვარ საუბრებს, თუნდაც, საჯარო სივრცეში. ჩემთვის გაუგებარია, რის საფუძველზე აცხადებენ ისინი მსგავს რამეს. დღევანდელ სასამართლოზე თვითონ დაცვის მხარე დაადასტურებს იმას, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა. რაც შეეხება ბრალდებულების იმ ნაწილს, რომლებმაც სასამართლოში ჩვენება არ მისცეს და დღეს აპირებენ რომ სათქმელი თქვან, ერთადერთი მოლოდინია, ისინიც ისე იცრუებენ, როგორც ვასილ მახარაძემ და ნიკოლოზ რევაზიშვილმა იცრუა.
რაც შეეხება განაჩენს, ბრალდების მხარე გამამტყუნებელი განაჩენის გარდა სხვა არაფერს ელოდება, გამორიცხულია, სასამართლომ სხვა განაჩენი დააყენოს იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ. ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აბსურდია”,- განაცხადა ყაზარაშვილმა.
ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.