LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შეუძლებელია იმის აღწერა, თუ რა მდგომარეობაში არიან ბავშვები” – საქართველოს წითელი ჯვარი უკრაინაში დამატებით 60 ტონა ჰუმანიტარულ დახმარებას გააგზავნის

208
ჰეჰ

საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ რამდენიმე ქვეყნის წითელი ჯვრის წარმომადგენელთან ერთად მონაწილეობა მიიღო პოლონეთის წითელი ჯვრის მიერ ორგანიზებულ საკოორდინაციო შეხვედრაში. როგორც ნათია ლოლაძე აღნიშნავს, უკრაინის საზღვართან ადგილზე გაეცნენ ძირითად საჭიროებებს.

“წითელი ჯვრის ხელმძღვანელებთან ერთად ჩასული ვიყავი საზღვარზე და მოვინახულეთ რამდენიმე ლოკაცია, ვნახეთ ჩვენი ლოჯისტიკური ჰაბიც, რომელიც არის წითელი ჯვრის საერთაშორისო ლოჯისტიკური ჰაბი და ვნახეთ, როგორ არის სისტემა აწყობილი და როგორ შედის უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ვისაუბრეთ იმაზეც, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ამ ტიპის დახმარება”, – აღნიშნა ნათია ლოლაძემ.

უკრაინაში რუსული აგრესიის დაწყების დღიდან დღემდე, საქართველოს წითელმა ჯვარმა უკრაინაში დაზარალებულთა ჰუმანიტარულ საჭიროებებზე რეაგირების მიზნით მთელი რიგი აქტივობები განახორციელა, მათ შორის ფონდების მოძიება, რის შედეგადაც 1,887,322 ლარი უკვე გადაერიცხა უკრაინის წითელი ჯვრის საზოგადოებას.

როგორც საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტმა, ნათია ლოლაძემ “ფორტუნას” გადაცემაში “კვირის თემა” განაცხადა, შემოწირულია 40 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება.

“40 ტონა ჰუმანიტარული დახმარება უკვე უკრაინაშია, ასევე გაიგზავნება 60 ტონა. დახმარებას საჭიროებენ არა მარტო უკრაინაში, არამედ უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მყოფი ადამიანები.

ასევე, ის ხალხი, რომლებმაც გადმოკვეთეს საზღვარი და უკვე პოლონეთში არიან. შეუძლებელია იმის აღწერა, თუ როგორ და რა მდგომარეობაში იმყოფებიან ისინი, განსაკუთრებით ბავშვები. ამიტომ ეს დახმარებები სამ ნაწილად არის დაყოფილი. ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული უკრაინის წითელი ჯვარი, ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი და პოლონეთის წითელი ჯვარი”, – აღნიშნა ნათია ლოლაძემ.

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია ეს დახმარება იყოს გრძელვადიანი. ამასთან, საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ჰუმანიტარულ დახმარებასთან ერთად ომს გამოქცეული უკრაინელები ფსიქოსოციალურ დახმარებასაც საჭიროებენ.

“კოვიდის დროს, საქართველოში გავაფართოვეთ სერვისი და შევქმენით პლატფორმა, სადაც გავაერთიანეთ ფსიქოლოგები, სხვადასხვა სახის ორგანიზაციები.

ახლა უკრაინელების დასახმარებლად იგივე პლატფორმა ამუშავდება. საქართველოში იმ სასტუმროებსა და ლოკაციებში, სადაც ეს ხალხი იმყოფება, უკვე გამოკრულია ჩვენი მონაცემები და აღნიშნულია, თუ როგორ შეუძლიათ ჩვენთან დაკავშირება.

ჩვენს წარმომადგენლებს მჭიდრო კომუნიკაცია აქვთ უკრაინის საელჩოსთან, რათა დევნილი მოსახლეობის საჭიროებები დროულად შეფასდეს. 20 000-მდეა უკვე ამ ადამიანების რაოდენობა და ვფიქრობთ, ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

თუ ვინმეს ესაჭიროება ფსიქოსოციალური დახმარება, მზად ვართ დავუკავშირდეთ, სერვისის მისაღებად შეგიძლიათ მოგვწეროთ წითელი ჯვრის ფეისბუკის მეშვეობით“, – განაცხადა ნათია ლოლაძემ “ფორტუნას” ეთერში.