თბილისის მერი კახა კალაძე „იმედის“ ეთერში თბილისის მერად მუშაობის შედეგებს აჯამებს და ამბობს, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება და ბევრი ახალი მწვანე სივრცის შექმნაა.
კალაძის განმარტებით, შეუძლებელია, ადამიანმა მოაგვაროს ის პრობლემები, რაც ქალაქში ქაოსური განაშენიანების თვალსაზრისით არსებობს.
“ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებაა და რაც შეიძლება ბევრი ახალი მწვანე სივრცის შექმნა. ამ ბოლო 3 წლის განმავლობაში რაც ამ მიმართულებით გაკეთდა, იყო პარკების რეაბილიტაცია, სკვერების მოწყობა, ურბანული სწორი განვითარება.
შეცვალო არსებული რეალობა ძალიან რთულია. მე ამას საარჩევნო კამპანიის დროსაც ვამბობდი. შეუძლებელია, ადამიანმა მოაგვაროს ის პრობლემები, რაც თუნდაც, ქაოსური განაშენიანების თვალსაზრისით არსებობს – უსახური შენობა-ნაგებობები, რომელიც უკვე აშენებულია. რაც შეეხება სიახლეს, ახალ ნებართვებსა და ახალ მშენებლობებს, აქ ნამდვილად, პირობას გაძლევთ, იქნება განსხვავებული. ყურადღება გამახვილდება ვიზუალურ ნაწილზე, ფასადებსა და რაც მთავარია, სწორ თანმიმდევრულ და ხარისხიან მშენებლობებზე“, – განაცხადა კალაძემ.