LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შეტყობინება მომივიდა, ულამაზესი ლექსი, ეს შენი შვილისთვის დავწერეო… მაშინ, ბოლომდე ვერ ჩავიკითხე, მერე, ვერ ვმღეროდი… ძალიან ემოციური გავხდი… სიმღერა, რომელიც სიყვარულს შეიძლება ეხებოდეს, გულს მიჩუყებს…“ – თამუნა ალადაშვილი

351
თამუნა-ალადაშვილი

15 მარტს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ თამუნა ალადაშვილი სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „არავის ჩემსავით“ პრემიერა შედგა.

თამუნა, რა სიახლეებია შენს შემოქმედებაში?

ძალიან ბევრი სიახლე და ძალიან ბევრი ახალი სიმღერა მაქვს. ისევ აქტიურად ჩავერთე ჩემს საქმიანობაში. სიმღერა, რომლის პრემიერაც დღეს შედგება, ახალია, ჩემი შვილის დაბადებას მოჰყვა და ძალიან მალევე ჩაიწერა. რაღაცნაირად ყველაფერი ამ თემამ და მისმა დაბადებამ მოიცვა. ჩემი სტიმულიც და ახალი პროექტებიც უკვე მას უკავშირდება.

როგორ შეცვალა შენი ცხოვრება შენი შვილის დაბადებამ?

ცხოვრება აბსოლუტურად შეიცვალა, თავიდან ბოლომდე დატრიალდა და ამოტრიალდა. მე არ ვგავარ იმ ადამიანს, რაც აქამდე ვიყავი, აბსოლუტურად სხვა ვერსია გავხდი… უფრო მებრძოლი, უფრო შემართებული… სხვა ადამიანი გამხადა. ზოგადად, ძალიან ემოციური გავხდი. სიმღერა, რომელიც სიყვარულს და მის გამოხატულებას შეიძლება ეხებოდეს, გულს მიჩუყებს, ამიტომ ცოტა ხანი გავჩერდი, რომ დავმშვიდდე დავწყნარდე და რომ ამ ემოციისგან მოშორებით შეიქმნას რაიმე ისეთი ახალი სიმღერა, რომელიც ამ თემას არ შეეხება.

თუმცა შენ ძალიან გიხდება ემოციური სიმღერები…

კი, მიხდება და მახდენენ… ამ ახალმა სიმღერამ საერთოდ სასწაული ქნა და ძალიან მიხარია, რომ ამდენი დედიკოს და შვილის გული მოიგო. ძალიან ბედნიერი ვარ. ამ სიმღერაზე საუბარს, პირდაპირ მადლობით დავიწყებ… ერთ დღეს, როდესაც ჩემი შვილი უკვე სახლში მყავდა, გარეთ თოვა დაიწყო. გადავწყვიტე, ბავშვი აივანზე გამეყვანა, რომ პირველი თოვლი შეეგრძნო. შემდეგ, ფოტო დავდე სოციალურ ქსელში და გვიან საღამოს, ქალბატონ ნანა ბადუაშვილისგან შეტყობინება მომივიდა სოციალურ ქსელში, ულამაზესი ლექსი, ეს შენი შვილისთვის დავწერეო. ემოციების გამო, მაშინ, ბოლომდე ვერ ჩავიკითხე, მერე, ვერ ვმღეროდი. ზაზა გოჩიტაშვილთან რომ მივედი, ვუთხარი, რამე დამამშვიდებელი მომეცი, რომ თავიდან ბოლომდე შევძლო ამ სიმღერის შესრულება-მეთქი. ეს ემოცია არის მხოლოდ დადებითი და დიდი სიყვარულით გაჟღენთილი. ყველა ადამიანს ვუსურვებ, ის გრძნობა და განცდა განიცადოს, რაც ამ სიმღერაში ჩავდეთ. ამ სიმღერის ბოლოს, ჩემი შვილიც არის ჩართული, პირველი „აღუთი“ ამთავრებს სიმღერას. სიმღერას ჰქვია „არავის ჩემსავით“. ძალიან მინდა, რომ ყველა მსმენელმა შეიყვაროს და გულთან ახლოს მიიტანოს.  

ვისაუბროთ შენს საბავშვო სტუდიაზე.

რაც შეეხება „თორდას“, 3 ახალი პროექტი გვაქვს. ახლა, ბოდბეში ვიწყებთ კლიპის გადაღებას. გავაკეთეთ „შატილის ასულო“. გადავიღებთ სიღნაღში და დედოფლისწყაროში. თბილისში კეთდება ახალი პროექტი „შავლეგო“, რომელიც საერთოდ ახალი ვერსიაა. კიდევ, კახეთის მასშტაბით ვგეგმავთ ძალიან დიდ პროექტს. კახეთის მასშტაბით ჩანიშნული გვაქვს კონცერტებიც.

თამუნა ალადაშვილი – არავის ჩემსავით

გადაცემის აუდიოჩანაწერი

თამუნა ალადაშვილი & ნუცა მოდებაძე – წუთებს ვითვლი. Live

თამუნა ალადაშვილი და ნუცა მოდებაძე. ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები