ჩოხატაურის მერიის წინ მიმდინარე აქციას სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფტი შეუერთდა და განცხადება გააკეთა. ადამ ანთაძემ განაცხადა, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგა, პრობლემა მოგვარებულია, ხვალ კი ბუკნარში პარასკევის ტრადიციული ლოცვა ჩატარდება.
მუსლიმთა სამმართველოს მუფტის ამ განცხადებას აქციის მონაწილეთა უკმაყოფილება მოჰყვა, ვინაიდან მათი თქმით, პრობლემა კვლავ მოუგვარებელია და შესაბამისად, ისინი ამ განცხადების აზრს არ იზიარებენ. ადამ ანთაძის განცხადებით, საქართველოში ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეთნოსისა და აღმსარებლების ადამიანები და თავიანთი წვლილი შეჰქონდათ ერთიანი, ძლიერი ქვეყნის აღმშენებლობის საკითხში და ეს დღესაც ასეა. მისივე თქმით, ეთნიკური, რელიგიური მრავალფეროვნება ჩვენი ისტორიული და კულტურული სიმდიდრეა, რომელსაც გაფრთხილება და დაცვა სჭირდება.
“რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა ის, რაც სოფელ ბუკნარში ორი დღის წინ მოხდა. ჩვენ ძალიან დაგვამწუხრა ამ მოვლენამ. მე გახლდით იმ საღამოს ჩამოსული, სამლოცველოში შევხვდი მლოცველებს, ვისაუბრე. ჩვენი მიზანი არის, რომ ლოცვები გაგრძელდეს და სოფელი ისევ დაუბრუნდეს მშვიდობიან მდგომარეობას. ჩვენ ერთი ქვეყნის ხალხი ვართ, ერთი ერის ხალხი ვართ, ერთი სისხლი ვართ, ერთი ხორცი ვართ, ამიტომ ეს ქვეყანა ყველასია.
ჩვენ სახელმწიფოდან დაწყებული, იგივე მასმედიის საშუალებებმა, სასულიერო პირებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, თითოეულმა მოქალაქემ უნდა ვიზრუნოთ იმისათვის, რომ ვიყოთ გარანტი კონსტიტუციით გათვალისწინებული აღმსარებლობის დაცვის უფლებისა. ამიტომ, ღმერთს მადლობა, ლოცვები გაგრძელდება. ის რაც მოხდა სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ არ უნდა ავყვეთ პროვოკაციებს“, – განაცხადა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფტმა ადამ ანთაძემ.