ელექტრონული მუსიკის ქართული ფესტივალი „ჯემ ფესტი“ ძალებს იკრებს. დღეს სასტუმრო „ბილტმორში“, რომელიც ფესტივალის ოფიციალური პარტნიორი გახლავთ, მიმდინარეობს პრესკონფერენცია, რომელსაც „ჯემ ფესტის“ დამფუძნებელთან, გიორგი სიგუასთან ერთად, კულტურის მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკი ესწრება.
პრესკონფერენციაზე მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ „ჯემ ფესტის“ მედიაპარტნიორი გახდა „BBC“. მსოფლიო ტელეგრანდის წარმომადგენელი საქართველოში იმყოფება. ბეჰსად ბოური, ბრიტანული არხის სახელით, ხელს მოაწერს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც, 2017 წელს, 14 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ მეორე დღეს, „ჯემ ფესტის“ აქტივობები მის ეთერში გაშუქდება. ანაკლიაში აშენდება „ბი-ბი-სი“-ს სტუდია, რომელიც მასალის გადაცემას უზრუნველყოფს ცენტრალური ოფისისთვის. ეს იქნება პირველი პრეცედენტი, როდესაც ქართულ პროდუქტს ამ მასშტაბის გაშუქება ექნება.
ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, „ჯემ ფესტისა“ და „ბი-ბი-სი“-ს წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს შეხვდებიან.
ნინო მურღულია