შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, მით უმეტეს, როდესაც საუბარია ნულების გადანაცვლებაზე ან შეკრებაზე, იქ გამორიცხულია რაიმე ჯამის შეცვლა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სამი პარტიის „სტრატეგია აღმაშენებლის“, „ლელოსა“ და „დროას“ შესაძლო გაერთიანების შესახებ ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.
როგორც კობახიძე ამბობს, აღნიშნული პარტიების შეკრებით პოლიტიკურ სპექტრში ვერანაირი ცვლილება ვერ განხორციელდება.
„ეს არის რამდენიმე ნულოვანი რეიტინგის მქონე პოლიტიკური სუბიექტი, გამორჩეულად ოდიოზური და არაკეთილსინდისიერი ფიგურები არიან – საუბარია ვაშაძეზე, ზურა ჯაფარიძეზე, ხოშტარიაზე. თუ ქართულ პოლიტიკაში ვინმე არაკეთილსინდისიერია, სწორედ ეს ადამიანები არიან, ეს გვარები გვახსენდება. მათი შეკრებით ვერანაირი ცვლილება ვერ განხორციელდება ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება პრაიმერიზის გამართვის იდეას, კობახიძე ამბობს, რომ „ფანჩატური და პრაიმერიზი ერთმანეთთან შეუთავსებელია“.
„პრაიმერის არის მაღალი მატერია. ფანჩატური და პრაიმერისი ერთმანეთთან შეუთავსებელია. მათ უნდათ, რომ ფანჩატურში ჩაატარონ პრაიმერისი, რაც წარმოუდგენელი მოვლენაა, შესაბამისად, ამას სერიოზულად ვერ შევაფასებთ“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.