აცრილი მოგზაურებისთვის PCR-ტესტირების ვალდებულების გაუქმებას ითხოვენ.
„სავალდებულო კოვიდ-ტესტირების პოლიტიკამ ზაფხულის ტურისტული სეზონი შეაფერხა, უფრო მეტიც, 10-დან 7 ტურისტულ კომპანიას ფინანსური პრობლემები შეექმნა, რის გამოც მათი ნაწილი იხურება“, – ამის შესახებ ბრიტანულ ტურისტულ კომპანია „აბტაში“ აცხადებენ.
ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ მოგზაურების უმეტესობისთვის სავალდებულო PCR ტესტირება უნდა გაუქმდეს, ვინაიდან PCR-ტესტირების ხარჯი, მსოფლიო მასშტაბით, უამრავ ადამიანს სამოგზაურო გეგმებს უცვლის.
ტურისტული კომპანია „აბტა” ბრიტანეთის მთავრობას მოუწოდებს, სავალდებულო PCR-ტესტირება მხოლოდ „წითელ სიაში” შემავალი ქვეყნების ტურისტებს დაუწესდეთ. დანარჩენი ქვეყნების შემთხვევაში კი, სრულად აცრილი ტურისტები კოვიდ-ტესტირებისგან გათავისუფლდნენ. „აბტაში“ ფიქრობენ, რომ ეს გადაწყვეტილება ტურიზმის აღდგენას ხელს შეუწყობს.