LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლოა, რომსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიარეისები აღდგეს

26

მოხარული ვარ, რომ საქართველო ყველა მიმართულებით ვითარდება – ეს არის ძალიან მიმზიდველი ეკონომიკური ცენტრი და დემოკრატიისა და სტაბილურობის კუნძული, ამ ტურბულენტურ გარემოსა და სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონში – აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაგასაყარზე, – ამის შესახებ იტალიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ივან სკალფაროტომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

იტალიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს და იტალიის 40-მდე უმსხვილესი კომპანიის წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის მეთაურმა ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. ივან სკალფაროტომ საქართველოში სტუმრობით მიღებულ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საქართველო-იტალიას შორის არსებულ მნიშვნელოვან თანამშრომლობას და ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების 25-წლიან ისტორიას.

“ჩვენ გახლდით სახელმწიფო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა 1918 და 1991 წლებში ცნო. ჩვენი მყარი პარტნიორული ურთიერთობები ასევე გამომდინარეობს იმ გარემოებიდან, რომ იტალია საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას განუხრელად უჭერს მხარს. მინდა დავარწმუნო პრემიერ-მინისტრი ჩვენი პოზიციის უცვლელობაში – ჩვენ მხარს გიჭერთ და თქვენს გვერდით ვართ. ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ძალისხმევას, რომელსაც თქვენ იღებთ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. თუმცა მიმაჩნია, რომ ჩვენი ორხმრივი ურთიერთობების ფარგლებში არსებული ეკონომიკური პოტენციალის სრულად ათვისების მიზნით, შეგვიძლია და უნდა გამოვიყენოთ საერთო ღირებულებები და ფასეულობები. ეს პოტენციალი ჯერ კიდევ საჭიროებს სრულ შესწავლასა და ათვისებას. მიმაჩნია, რომ ვაჭრობისა და ინვესტიციების კუთხით გაცილებით მეტის გაკეთება შეგვიძლია”, – განაცხადა იტალიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, იტალიის უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლების სტუმრობა თბილისში, გასული წლის მარტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის იტალიაში ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შედეგია. ივან სკალფაროტომ აღნიშნა, რომ დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან მაღალკვალიფიციური წარმომადგენლები იტალიის წამყვანი კომპანიებიდან, რომელთა მთლიანი ბრუნვა 60 მილიარდ ევროს აღემატება.

“ეს კომპანიები, ძირითადად, ინფრასტრუქტურაზე, ენერგეტიკასა და აგრობიზნესზე კონცენტრირდებიან. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ეს არის სწორედ ის უმნიშვნელოვანესი მიმართულებები, რომლებიც თქვენ, ჩვენს პრემიერ-მინისტრ პაოლო ჯენტილონისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრ კარლო კალანდასთან ერთად განსაკუთრებით გამოყავით. თბილისში ჩვენ იტალიის სავაჭრო სააგენტოს ოფისი გავხსენით. ამით ვადასტურებთ ჩვენს სურვილს, გავზარდოთ ჩვენი პირდაპირი ჩართულობა საქართველოში”, – აღნიშნა იტალიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, ერთობლივ ძალისხმევას კიდევ უფრო ეფექტურსა და კოორდინირებულს გახდის რომში კომერციული ატაშეს გაგზავნა, ასევე – რომსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენა. ივან სკალფაროტომ ასევე ისაუბრა საქართველოს ტრადიციებზე, იმედისმომცემად შეაფასა სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია და აღნიშნა, რომ სახეზეა ყველა ფაქტორი, რომელიც ტურიზმის, კრეატიულობისა და მეწარმეობის წახალისებას ხელს უწყობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები