3 წელი და 2 თვე – ეს სწორედ ის პერიოდია, რასაც თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა, ციხეში გაატარებს. გუშინ უზენაესმა სასამართლომ უგულავა ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ სცნო. ყოფილი მერი, ამ დროისათვის, უკვე ე.წ. მატროსოვის ციხეშია გადაყვანილი.
ეს ივანიშვილის ბოლო აგონიაა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყოფილი თანაგუნდელის დაჭერაზე საუბრისას აცხადებს, რომ არ ეგონა, უგულავას “ასეთი ბრალდებით, ასე უპრაგონოდ“ თუ დაიჭერდნენ.
“მე მესმის, რომ შალვა თადუმაძეს არა მხოლოდ იურისტის დიპლომი არა აქვს, არამედ ნახევარი წიგნიც არ აქვს წაკითხული, ალბათ, პინოქიოც კი, “დიდოსტატის მარჯვენაზე” აღარ ვსაუბრობ. მაშინაც კი, როცა ეს უვიცი ივანიშვილმა უზენაეს სასამართლოში გაიყვანა, ასეთი კანონდარღვევით დღეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სადმე, მსოფლიოში, ადამიანის დაჭერა ვერ წარმომედგინა. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი შესაძლებელია. ეს ივანიშვილის მხრიდან უკიდურესი სისუსტის გამოხატულებაა. ერთი-ერთზე მახსენებს ასლან აბაშიძის ქმედებებს. ეს ივანიშვილის ბოლო აგონიაა”, – აღნიშნა სააკაშვილმა „მთავართან“ საუბარში და დასძინა, რომ ვლადიმირ პუტინს ბევრად ნაკლები პოლიტპატიმარი ჰყავს რუსეთში, ვიდრე ივანიშვილს – საქართველოში.
გვარამია შემდეგი შენ იქნები… ბრძოლა გრძელდება – უგულავა განყოფილებაში წავიდა
პოლიტპატიმარი ხარ თუ არა იზომება იმით: ვინ გასამართლებს?
„დიახ, გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარია! სრულიად ერთმნიშვნელოვნად და ყოველგვარი მაგრამის გარეშე!“ – აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელიც. მისი თქმით, ფასი, რასაც ქვეყანა „ამ სისულელეში“ გადაიხდის, მაღალი იქნება.
“პოლიტპატიმარი არ ნიშნავს მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც არასოდეს, არავითარი დანაშაული ჩაუდენიათ და ისე, ხელი მოკიდეს და ჩაყარეს ციხეებში. თქვენთვის ცნობილი პოლიტპატიმრების უდიდეს უმრავლესობას რაღაც კანონი აუცილებლად ჰქონდა დარღვეული მაშინ, როდესაც იჭერდნენ. პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა მაინც.
პოლიტპატიმარი ხარ თუ არა, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმით არ იზომება, ის იზომება იმით: ვინ გასამართლებს? რამდენად არსებობს ნდობა სასამართლოს, ან კონკრეტულად იმ მოსამართლეების მიმართ ვინც გაგასამართლა? როდის გასამართლებენ? რა გარემოებებში ხდება გასამართლება? პირის კავშირი პოლიტიკასთან.
რასაც ახლა ვწერ, სულ რაღაც 8 წლის წინ არც იმათ ესმოდათ, დღეს რომ სამართლიანად აღშფოთებულ-გაგიჟებული არიან უგულავას დაპატიმრებით, მაგრამ ამ ქვეყანაში არის ხალხი, რომელსაც მაშინაც ესმოდა და ახლაც ესმის ემოციებისა და საკუთარი პოლიტგემოვნების მიღმა.
სრულიად ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ უგულავას ჩემზე დიდი კრიტიკოსი არ ჰყოლია, როდესაც ის მერი იყო და მე საკრებულოს წევრი და ზუსტად იმ ყველაფერზე ვწერდი, ვკიოდი, ვაპროტესტებდი, რაზეც დღეს ედავებიან, მაგრამ დღეს ის პოლიტპატიმარია და იმის მიუხედავად, თავს გამარჯვებულად თვლით თუ არა, ფასი იქნება მაღალი, რასაც თქვენ და ქვეყანა ამ სისულელეში გადაიხდის“, – წერს ხიდაშელმა სოციალურ ქსელში.
ეს პოლიტიკა მას არსად არ მიიყვანს
პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე კი აცხადებს, რომ გიგი უგულავას დაკავება სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ბიძინა ივანიშვილის მოქმედებაა.
„გაჟღერდა ივანიშვილის პირადი ადვოკატისა და პირადი პროკურორის მიერ გამოტანილი სასჯელი – რომელიც ახლა უკვე მოსამართლის ამპლუაში მოგვევლინა. ეს აბსოლუტურად ყველა სამართლებრივი ჩარჩოდან ამოვარდნილია. შესაბამისად, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენი უსამართლო სასამართლო მიიღებს, ძალიან სერიოზულად იქნება გაპროტესტებული. მე ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკა მას არსად არ მიიყვანს“, – აღნიშნულია პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უგულავა დაპატიმრებამდე შვილს ემშვიდობება: ყველა ნივთი, წიგნი მომზადებულია, თვითონ მივალ ციხეში
„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციასთან მოსალაპარაკებლად ყველა გზა დაწვა
პარტია „სახალხო ტრიბუნას“ დამფუძნებელის დავით ჭიჭინაძის შეფასებით კი, სამართალი სამართლიანად უნდა დადგეს და არა – უსამართლოდ.
მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი ამოვარდნილია მიღებული თამაშის წესებიდან, რასაც დასავლეთი ამკვიდრებს.
„ამან ყველა პარტნიორ ქვეყანაში, რეალურად, სერიოზული გაღიზიანება გამოიწვია. ეს მათ პოლიტიკურ დევნად აღიარეს, რაც ხელისუფლებისთვის ძალიან მძიმე შეფასებაა. მით უმეტეს, არჩილ თალაკვაძისა და დავით ზალკალიანის ვიზიტის ფონზე, მეტნაკლებად დაპირებები გაიცა, ტონი დარბილებული იყო და საუბარი მეგობრობაზე მიდიოდა. ვხედავთ, რომ „ოცნებამ“ 24 საათიც კი არ შეასრულა თავისი დაპირებები, დარწმუნებული ვარ, თალაკვაძეც და ზალკალიანიც პირდებოდნენ, რომ გარკვეულ კომპრომისს მოძებნიდნენ ოპოზიციასთან, მაგრამ გუშინ ამ ნაბიჯით „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციასთან მოსალაპარაკებლად ყველა გზა დაწვა. რეალურად, დამნაშავე ადამიანსაც კი, როდესაც ასე ექცევიან, ყველა, მეტნაკლებად, სოლიდარობას უცხადებს“, – განაცხადა დეპუტატმა.
რატომ გადადგა ბიძინა ივანიშვილმა ასეთი ნაბიჯი?
ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე „ფორტუნასთან“ საუბარში აცხადებს, რომ შეუძლებელია, უგულავას დაჭერა პოლიტიკურ ჭრილში არ განვიხილოთ.
„მიუხედავად იმისა, რამდენად აქვს უგულავას დაპატიმრებას სამართლებრივი საფუძველი, შეუძლებელია, ეს შემთხვევა არ იქნას განხილული პოლიტიკურ ჭრილში. როდესაც რაღაც საქმე შვიდი წელი გრძელდება და აპატიმრებენ მხოლოდ მაშინ, როდესაც ის აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას იწყებს და როდესაც არჩევნები კარზეა მომდგარი, ძალიან გულუბრყვილო უნდა იყო, ან ამ ქვეყანაში არ უნდა ცხოვრობდე, რომ თქვა – უგულავას დაჭერით სამართალმა იზეიმაო“, – აცხადებს ძაბირაძე.
თუ რატომ გადადგა ბიძინა ივანიშვილმა ასეთი ნაბიჯი ახლა, როდესაც არჩვნებამდე რამდენიმე თვე დარჩა, ამის შესახებ ექსპერტს , რამდენიმე ვერსია აქვს. მისი აზრით, როდესაც ხელისუფლება მოსახლეობაში დასაყრდენს კარგავს, რეპრესიებს იწყებს.
“ახლა ყველა ხედავს, რომ „ქართული ოცნება“ რეიტინგს კარგავს.შეიძლება ასეთი რადიკალური ნაბიჯი ივანიშვილმა იმიტომ გადადგა, რომ ასპარეზზე ისევ ორი მოთამაშე დატოვოს – აქეთ „ოცნება“ და იქით „ნაციონალების“ ფრთის ქვეშ გაერთიანებული ოპოზიცია.
შესაძლოა, ივანიშვილს იმედი აქვს, რომ უგულავას დაჭერით ოპოზიციაში განხეთქილებას შეიტანს. არის ვერსიაც, რომ შესაძლოა, ეს იყოს პირდაპირი ნაბიჯი რუსეთისკენ და იმის თეორიული მცდელობა, რომ დასავლეთმა ჩვენზე ხელი აიღოს.
“უამრავი ვერსიაა, მაგრამ ზუსტად რატომ გადადგა ხელისუფლებამ ასეთი ნაბიჯი – ამაზე კონკრეტული პასუხი არ მაქვს“, – გვპასუხობს ექსპერტი.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურა გიგი უგულავას მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლაგვას ედავებოდა.