LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლოა, ადგილობრივ არჩევნებში კვოტირება სიაში მეორეს ნაცვლად, მესამე კანდიდატით განისაზღვროს

51
პარლამენტი-თბილისი

„გვაქვს კვოტა, რომ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე ყოველი მეორე კანდიდატი განსხვავებული სქესის უნდა იყოს,“ – ამის შესახებ შესაბამისი კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა და მომხსენებელმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

ცვლილებები 2028 წლამდე ჩასატარებელი მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისათვის პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს. კანონპროექტში შესატანი ცვლილებების თანახმად, პოლიტიკური პარტიის წარდგენილ სიაში ყოველი სამი კანდიდატიდან ერთი განსხვავებული სქესის წარმომადგენელი უნდა იყოს.

აღნიშნული ცვლილებების შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გუშინ იმსჯელეს და კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილეს.

„გვაქვს კვოტა, რომ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე ყოველი მეორე კანდიდატი განსხვავებული სქესის უნდა იყოს. ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა პარტიებისგან პრობლემატიკაა დაყენებული, რომ ეს რეალურ პრობლემას შექმნის, იმის გათვალისწინებით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციები იცვლება.

რეალურად, პარტიებს ექმნებათ პრობლემა, რომ ყოველი მეორე დააკომპლექტონ. წინადადება არის, რომ ესეც დაუახლოვდეს პარლამენტის სტანდარტს და ყოველი სამი კანდიდატიდან, 2028 წლამდე ერთი იყოს განსხვავებული სქესის, გთხოვთ მხარდაჭერას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა საკითხის განხილვისას.

კანონპროექტზე საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი დღეს იმსჯელებს, ხოლო საკითხი პლენარულ სხდომაზე განსახილველად ხვალ გავა.

ცნობისთვის, ამჟამად, კანონის მოქმედი რედაქციით, სიაში ყოველი მეორე წარმომადგენელი განსხვავებული სქესის უნდა იყოს. ცვლილებით მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისთვის იგივე სტანდარტი დაწესდება, რაც საპარლამენტო არჩევნებისთვისაა გათვალისწინებული.