არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, დანაშაულის ადგილზე მისულ დედას და „უფლებები საქართველოს“ ადვოკატებს, დანაშაულის ადგილი სრულიად სახეცვლილი დახვდათ.
„უფლებები საქართველო“ ეჭვობს, რომ შესაძლოა, 17 მარტის ღამეს დიდ დიღომში მოზარდის გვამის გადამალვა სცადეს.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას მშობლებმა „უფლებები საქართველოს“ საქმეში ჩართვის თხოვნით 4 აპრილს მომართეს. მშობლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში).
რა ეტაპზეა დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის მოზარდის საქმის კვლევა: „ყველა ერთად შეჯერდება და ექსპერტი საბოლოო დასკვნას დაწერს“
„კვლევების დასრულებისთანავე დასკვნა გადაეცემა და გამოძიება დაინიშნება“ - განუცხადეს „ფორტუნას“ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.
მშობლების განმარტებით, არსებობს არაერთი გარემოება, რომელიც მიუთითებს, რომ მოზარდის გარდაცვალების მიზეზი უბედური შემთხვევა ვერ იქნებოდა. კერძოდ, გარდაცვლილის ტელეფონი ნაპოვნია გვამისგან მოშორებით. წარმოდგენილი ფოტოსურათებით იკვეთება, რომ გოგონას აღენიშნებოდა სახის, შუბლის, ყურის და ზურგის არეში ნაკაწრები და დაზიანებები.
დაზიანებული იყო ასევე ბავშვის ტანსაცმელი. გარდა ამისა, გოგონას გვამის განლაგება ბადებს ეჭვს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა გვამის გადამალვის მცდელობას.
საყურადღებოა, რომ დღემდე, საგამოძიებო უწყების მიერ გარდაცვლილი არასრულწლოვანის ოჯახის წევრის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობა არ მომხდარა.
დღეს, დანაშაულის ადგილზე მისულ დედას და „უფლებები საქართველოს“ ადვოკატებს, დანაშაულის ადგილი სრულიად სახეცვლილი დახვდათ.
არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებისგან თანხმობის მიღების შემდეგ, დანაშაულის ადგილზე თბილისის მერიის ადგილობრივმა გამგეობამ, კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო, რამაც საქმისთვის საკვანძო მნიშვნელობის მტკიცებულებების განადგურება გამოიწვია.
5 აპრილს, „უფლებები საქართველოს“ იურისტებმა, მიმართეს პროკურატურას დაზარალებულის უფლებამონაცვლედ დედის ცნობისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების თაობაზე ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნებით. ამასთან, დღეს დანაშაულის ადგილზე განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, შეწყდეს იმგვარი ქმედებები, რამაც შესაძლოა კიდევ უფრო მეტად დააზიანოს დანაშაულის სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება.
„უფლებები საქართველო“ ამ საქმეს USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
იზა ომაძე: „ამასობაში კი კიდევ ერთი ანგელოზი აფრინდა.. ღმერთო გააძლიერე მშობლები..“