„შესაძლოა 2022 წელს ჩვენ მივიღოთ გეგმა და დაჩქარებული წესითაც კი გავწევრიანდეთ ნატოში“, – ამის შესახებ რონდელის ფონდის უფროსმა მკვლევარმა, ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში კახა გოგოლაშვილმა „ფორტუნას“ გადაცემა დღის თემაში განაცხადა.
ბრიუსელში მიმდინარე ნატოს სამიტის შეფასებისას როგორც ექსპერტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო და უკრაინის საკითხების განხილვა წარიმართება თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.
„ამ ეტაპზე არ იქნება საუბარი რაიმე წინსვლაზე გაწევრიანებასთან მიმართებაში, ეს საკითხი ეხლა არ განიხილება, მაგრამ თუ საერთაშორისო სიტუაცია შესაძლებლობას მისცემს ნატოს წევრებს, მაშინ შეიძლება 2022 წელს ჩვენ მივიღოთ გაწევრიანების გეგმა და დაჩქარებული წესითაც კი შეიძლება გავწევრიანდეთ ნატოში.
მაგრამ დღეს საკითხი დგას ასე, ნატო უფრო მეტად დაეხმარება საქართველოს. სამხედრო და თავდაცვის უნარიანობის გაძლიერება, ასევე პოლიტიკური და ეკონომიკური წინსვლა და პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა.
რათქმაქუნდა, მეორე არის შავი ზღვის უსაფრთხოება. ამ კონტექტსში შეიძლება საქართველოს და უკრაინას განსაკუთრებული როლი მიენიჭოს“, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
„ფორტუნას“კითხვაზე, განსაკუთრებით გააქტიურდა თუ არა დასავლეთი საქართველოს მიმართ აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის არჩევის შემდეგ? ექსპერტი პასუხობს, რომ ბაიდენის არჩევა და დემოკრატების მოსვლა ხელისუფლებაში, ძალიან მნიშვნელოვანია და მათი მიდგომები მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებას გულისხმობს.
„ბაიდენის არჩევა და “დემოკრატების” მოსვლა ხელისუფლებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც მათი მიდგომები გულისხმობს მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებას და ხელშეწყობას, აშშ-ს დაბრუნებას რეგიონში, მისი აქტიური როლის დაბრუნებას ევროპაში და შესაბამისად ნატოს გაძლიერებას“, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
ცნობისთვის, ბრიუსელში ნატო-ს სამიტი გაიხსნა, რომელსაც ნატო-ს 30 წევრი ქვეყნის ლიდერები ესწრებიან. სამიტის გახსნაზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ დღეს მსოფლიო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას და ამ გამოწვევების გადალახვა არც ერთ ქვეყანას მარტო არ შეუძლია.
ბრიუსელში მიმდინარე ნატოს სამიტის ერთ-ერთი განსახილველი საკითხი უკრაინასა და საქართველოსთან თანამშრომლობა იქნება.