“ვაქცინის პირველი ლიმიტორებული დოზა ჰყოფნის 14 000-მდე სამედიცინო მუშაკს. შერჩეულია ყველაზე მაღალი რისკის მქონე ადამიანები, რომლებიც კოვიდინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობენ.” – დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ უკვე შერჩეულია სამიზნე ჯგუფი და განსაზღვრულია რაოდენობა, რომელიც პირველ ეტაპზე აიცრება.
ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ ვრცლად დღეს გამართულ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ისაუბრა.
გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ვაქცინის პირველი დოზა უნდა შემოვიდეს თებერვლის ბოლოს, სპეციალურ პორტალზე ატვირთულია იმ 75 000-მდე სამედიცინო მუშაკის მონაცემები, ვინც თავდაპირველად აიცრება, ვაქცინაცია კი უკვე შერჩეულ დაწესებულებებში განხორციელდება:
“პირველ ეტაპზე, “კოვაქსისგან” არის დადასტურება, რომ “ფაიზერის” ლიმიტირებული დოზა – 29 250 – უნდა შემოვიდეს თებერვლის ბოლო დეკადაში, ამასთან დაკავშირებით “კოვაქსთან” ყოველდღიური კომუნიკაცია მიმდინარეობს და ამისთვის სახელმწიფო სერიოზულად მოემზადა.
რადგან “ფაიზერი” მოითხოვს -70, -80-გრადუსიან ცივ ჯაჭვს, აცრები მოხდება მხოლოდ სამ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
უკვე შერჩეულია კლინიკებიც, რადგან პირველ ეტაპზე აცრების განხორციელდება ჰოსპიტალურ სექტორში. ასევე შექმნილია სპეციალური პორტალი, სადაც უკვე ატვირთულია 75 000-მდე სამედიცინო მუშაკის მონაცემები, ვინც პირველ ეტაპზე იცრება.” – განაცხადა გამყრელიძემ.
რაც შეეხება პირველ ლიმიტირებულ დოზას, გამყრელიძის განცხადებით:
“ის ჰყოფნის დაახლოებით 14 000-მდე სამედიცინო მუშაკს. მხედველობაშია ექიმი, ექთანი, უმცროსი სამედიცინო პერსონალი. ჩვენ მოვახდინეთ ამ პრიორიტეტის კიდევ უფრო პრიორიტიზაცია, ანუ შერჩეულია უკვე ეს 14 000-მდე ადამიანი იმ კრიტერიუმებით, რაც შედგენილი იყო, ანუ ყველაზე მაღალი რისკის მქონე ვინც იყო კოვიდთან მუშაობაში.
ამ ადამიანებთან უკვე ხვალიდან დაიწყება კომუნიკაცია. მოგეხსენებათ, რომ აცრა ნებაყოფლობითია და შესაძლოა, ვინმემ არ მოინდომოს, ამიტომ ჩვენ გვაქვს ყველა ამ ადამიანის პერსონალური მონაცემები, ვიცით რომელი რეგიონიდან არიან, რომელი ქალაქიდან, სოფლიდან და შესაბამისად, ხდება ახლა ამ ბაზების დაწმენდა.
ვფიქრობთ, რომ ვაქცინის შემოსვლისას ჩვენ გვექნება უკვე ელექტრონული სიები, ვისაც სურვილი აქვს, რომ აიცრას, სამედიცინო მუშაკი ყველა სამედიცინო დაწესებულებებიდან. შერჩეულია თბილისში 5 და კიდევ სარეზერვოდ რამოდენიმე დაწესებულება, ასევე ქუთაისში ორი და ბათუმში 1 სამედიცინო დაწესებულება, სადაც მოხდება აცრები.” – თქვა ამირან გამყრელიძემ.
მისივე განცხადებით, ხვალიდან დაიწყება 40 ბრიგადის გადამზადება. თითოეული ბრიგადა ერთი დღის განმავლოაბში აცრის 42 ადამიანს.
მარტის შუა რიცხვებში კი ქვეყანაში “ასტრაზენეკას” 180 000-მდე დოზა შემოვა და როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, ვაქცინის დოზების მოწოდება ყოველთვიურად მოხდება.
“ასტრაზენეკას” ვაქცინით პირველ რიგში აიცრებიან დარჩენილი სამედიცინო მუშაკები, შემდეგი პრიორიტეტი “მოხუცთა სახლებში” მცხოვრები მოხუცები და მათი მომვლელი პერსონალია. ამის შემდეგ კი უკვე ეტაპობრივად 75 წელს ზემოთ და 65 წელს ზემოთ მყოფი ადამიანები იქნებიან.