LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შენ გაქვს საკმარისზე მეტი ფანტაზია: ქართულ საკომენტატორო სცენაზე სიმსივეა (ვიდეო)

114

“პორტუგალიური მხატვრობა დაიწყო”; “რონალდო, შენ გაქვს საკმარისზე მეტი ფანტაზია”; “ცეკვა პორტუგალიური, სცენაზე კრიშტიანუა”; “დიმა, რა ხდება შენთან? აქ საოცრება ხდება” – ეს იმ ფრაზების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ფეხბურთის გულშემატკივრებმა თუ რიგითმა მაყურებლებმა ორიოდე დღის წინ აიტაცეს. უცნობი კომენტატორის მიერ წაყვანილი თამაშის ფრაგმენტებმა ფეისბუქი და სხვა სოციალური ქსელები ვირუსულად მოიცვა. მსახიობმა ნოდარ სიმსივემ მაყურებელს მალევე დაამახსოვრა თავი. ფეხბურთის გულშემატკივრებს ნოდარის წაყვანილი თამაშები მოსწონთ და მის მთავარ მახასიათებლად ემოციურობას, ქარიზმასა და სიტყვაუხვობას მიიჩნევენ.

გიორგი ქართველიშვილი ფეხბურთის დიდი ქომაგია და ამბობს, რომ ასპარეზზე ნოდარ სიმსივეს გამოჩენა ძალიან გაუხარდა:

“მოგვბეზრდა მხოლოდ ეკრანის ყურება და ნახევრადმძინარე კომენტატორები. რაც უნდა კარგი თამაში იყოს, როდესაც არ არის კარგი კომენტატორი, ვერ იღებ თამაშისგან სიამოვნებას. კარგი კომენტატორი კი მოსაწყენ თამაშსაც გაყურებინებს. სწორედ ამიტომ მომწონს ნოდარი, მას აქვს ის მუხტი, რაც ეკრანს არ მოგაშორებს. ის მთლიანად ჩართულია თამაშში. მეტიც, შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ ის 23-ე მოთამაშეა. ვისურვებ, რომ ასე გააგრძელოს. მჯერა, რომ ერთ დღეს მას დავაყენებთ ქართველი ლეგენდების – კოტე მახარაძისა და ეროსი მანჯგალაძის გვერდით.”

მიუხედავად დადებითი შეფასებებისა, სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ნეგატიური შეფასებებიც. ზოგი მას ზედმეტად ხელოვნურობაში სდებს ბრალს და მიაჩნიათ, რომ ეს ცოტათი გამაღიზიანებელიც კი არის.
დავით ხაჟალია: “მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის ცოტათი ხელოვნურია და ეს, ჩემი აზრით, ფეხბურთს არ მოუხდა. ემოცია კარგია, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მან უნდა დაგვაჯეროს.”

ნოდარ სიმსივე ტელემაყურებლებმა მსახიობის ამპლუაში გაიცნეს. ის მრავალსერიანი მხატვრული ფილმის “ჰეროკრატიის” ერთ-ერთი მთავარი გმირის, ჰეროს, როლს ასრულებდა.

 

როდის დაინტერესდით კომენტატორობით?

ახლახან აღმოვაჩინე მე-7 კლასში დაწერილი დავალება, სადაც კითხვაზე, თუ რა პროფესიის უნდა გამოვსულიყავი, პასუხი მეწერა მსახიობი და კომენტატორი. ბავშვობიდან, როდესაც ფეხბურთის გემო ვიგემე, ამ საქმემაც დამაინტერესა. მახსოვს, ხმის ჩამწერი ვიყიდე, დავდიოდი საქართველოს ჩემპიონატის თამაშებზე და ვაკეთებდი რეპორტაჟებს.

შეგიძლია გაიხსენოთ პირველი მატჩი და ემოციები საკომენტატორო ჯიხურიდან?

მადლობა მინდა გადავუხადო საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტს “კომენტატორი”, რომელმაც შესანიშნავი შანსი მომცა. გავედი პროექტის ფინალში. დავმარცხდი, მაგრამ მაინც დავსაჩუქრდი. გამიშვეს პრაღაში უეფას სუპერთასის ფინალზე. სწორედ ეს იყო ჩემი “ნათლობა” კომენტატორის ამპლუაში – ლონდონის “ჩელსი” მიუნხენის “ბაიერნის” წინააღმდეგ. აქ ვეზიარე ნამდვილ ევროპულ ფეხბურთს. აქეთ – არისტოკრატი გულშემატკივრები, იქით – გერმანელი ფანები. ეს იყო ნამდვილი დღესასწაული, საოცარი ემოციებით დატვირთული.

თქვენი სტილი ქართული მაყურებლისთვის ახალი და უცხოა. რამ გიბიძგათ მსგავსი სტილი აგერჩიათ?

იმით დავიწყებ, რომ ამის რეცეპტი არ არსებობს. მე ასეთი ვარ, ფეხბურთი ჩემთვის არის დღესასწაული და დიდი ემოცია. სწორედ იმ ემოციას გამოვხატავ, რასაც თამაშის მიმდინარეობისას ვგრძნობ.

ადევნებთ თუ არა თვალყურს იმ გამოხმაურებებს, რომელიც გამოიწვია თქვენ მიერ წაყვანილმა ბოლო შეხვედრამ?

ცხადია, მაინტერესებს, რადგან გულშემატკივრის გარეშე არ არსებობს არც ფეხბურთი და არც რეპორტაჟი. სოციალური ქსელის მომხმარებელი ვარ და ვხედავ მაყურებლის დამოკიდებულებას. მინდა ყველას დიდი მადლობა გადავუხადო. მადლობა ღმერთს, არის დადებითი კომენტარები. ასევე არის განსხვავებული აზრიც. მივესალმები ჯანსაღ კრიტიკას და პატივს ვცემ მათ დამოკიდებულებასაც, თუმცა გამანაწყენა ბრალდებამ, თითქოს რუს კომენტატორებს ვბაძავ. მიბაძვა არ მიყვარს. მე ვარ ისეთი, როგორიც ვარ. რომც მიმებაძა ვინმესთვის, ეს რუსი კომენტატორები არავითარ შემთხვევაში არ იქნებოდნენ. თუ ვინმეს მივბაძავდი, ეს იქნებოდა ჩემი კუმირი, კოტე მახარაძე.


ფეხბურთის გულშემატკივრებო, თუ ელოდებით ნოდარის წაყვანილ შემდგომ მატჩს, დაგიანონსებთ, რომ ის 1 აპრილს „რომასა“ და „ემპოლის“ შეხვედრას წარუძღვება.

ნიკოლოზ თოდუა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები