მზე ისევ გაათბობს თბილისს
და აღარ იწვიმებს ,,ცა მეტს”.
მე რა დამავიწყებს ივნისს, მე რა დამავიწყებს ცამეტს!
თბილისი დღეს 2015 წლის 13 ივნისს იხსენებს. ზოგი ამ ლექსით, ზოგი ფოტოებით, ჰაშთეგებით, ზოგი კი ისტორიებით, რომლებიც თავად გადახდათ.
ირაკლი ჟვანია, ამ სტიქიის შედეგად ერთ-ერთი დაზარალებულია. მას მდინარემ სააგარაკო სახლი წაართვა. ირაკლი ჟვანია წერს, რომ უფრო დიდ დანაკარგს, ოჯახი შვილის დაბადების დღის გამო გადაურჩა.
როგორც ის ამბობს, მდინარე მანამდეც რამდენჯერმე ადიდდა და მოსახლეობა რადარების დაყენებას ითხოვდა. მათი სურვილი რომ შესრულებულიყო, მისი თქმით, დღეს უამრავი ადამიანი ცოცხალი იქნებოდა.
“ჩვენ არ ვიყავით იქ მხოლოდ იმიტომ, რომ უკვე სოფელში ვცხოვრობდით. ამ დღეს ხომ ჩემი შვილის დაბადების დღეა და არაა გამორიცხული ჩავსულიყავით ხეობაში და სუფრა გაგვეშალა… შემთხვევით გადავრჩით……
ყველაზე მეტად ის მაბრაზებს, რომ ადამიანების გადარჩენა შეიძლებოდა, რომ არა ჩინოვნიკების გულგრილობა. მანამდე მდინარე ორჯერ ადიდდა და უკვე ვიცოდით რომ ზომებია მისაღები. თბილისის მერია და გარემოს დაცვის სამინისტრო არაერთხელ გაფრთხილებული იყო რომ დაედგათ მდინარეზე გამართხილებელი რადარები??? არც კი მოგვისმინეს, თუმცა ტრაგედიიდან მესამე დღეს მოიტანეს და სასწრაფოდ დააყენეს. ეს რომ ადრე გაეკეთებინათ, მოსახლეობას ექნებოდა ის 45 წუთი, რომ საშიში ზონიდან გაეღწია….
გარემოს დაცვის სამინისტროს და მერიის ჩინოვნიკები…დღეს ისინი, ვინც მაშინ თანამდებობით პასუხისმგებელი იყო ხალხის დაცვაზე და არაფერი გააკეთა, ისევ კაბინეტებში სხედან და ხალხის ხარჯზე ცხოვრობენ, იმის მაგივრად, რომ ციხის საკანში ისხდნენ….
ეს ისტორია ჯერ არ დამთავრებულა…
აუცილებლად მოვა დრო და ყველამ უნდა გასცეს საზოგადოებას პასუხი, რატომ შესწირეს 23 (თუ არ მეშლება) ადამიანის სიცოცხლე საკუთარ გულგრილობას და უსინდისობას… პროკურატურაში უნდა ჩატარდეს გამოძიება – შესაძლებელი იყო თუ არა მსხვერპლის თავიდან აცილება და ვისი გულგრილობით მოხდა ადამიანების ტრაგედია…” – წერს ირაკლი ჟვანია.
იხსენებენ ამ დღეს დაღუპულებსაც – ზოგისთვის 13-მა ივნისმა იმდენად დიდი დანაკარგი მოიტანა, რომ მათთვის ეს დიდი ტრაგედია, სწორედ ის დაკარგული ადამიანია.