LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა 2017 წლამდე არ განახლდება

114

საქართველოს რკინიგზამ დედაქალაქის მერიას შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელების სამი ვერსია შესთავაზა.

პირველი ვერსიის მიხედვით, უმნიშვნელო რეკონსტრუქცია უნდა ჩაუტარდეს უკვე აშენებულ შემოვლით რკინიგზას და მოხდება გადართვა ორივე მიმართულებით. მეორე ვარიანტით, მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია ჩაუტარდება უკვე არსებულ შემოვლით რკინიგზას  და შეიცვლება მხოლოდ 11 კმ-იანი მონაკვეთი. მესამე ვერსიით კი, მცირეოდენი ცვლილება შეეხება შემოვლით მიმართულებას და რკინიგზა ქალაქში მინიმალური დოზით დარჩება.

როგორც დღეს თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, პროექტის სამივე ვერსია იმ გერმანულ კომპანიას გადაეცემა, რომელიც თბილისის გენერალური გეგმის პროექტს ამუშავებს.

”ამ გეგმის გათვალისწინებით, არჩეული იქნება სამი ვერსიიდან საუკეთესო. 18 თვეში მზად იქნება თბილისის გენერალური გეგმის სრულყოფილი ვარიანტი და დაახლოებით, ამავე ვადებში მოხდება საუკეთესო პროექტის შერჩევა, თუმცა გეგმის ავტორმა კომპანიამ პროექტი შესაძლოა უფრო ადრეც დაამტკიცოს,” – განაცხადა ლექვინაძემ.

მისი თქმით, სამივე ვარიანტი პირვანდელ ვერსიასთან შედარებით, მთლიანობაში აუმჯობესებს  შემოვლითი რკინიგზის ეკონომიკურ პარამეტრებს.

”თავდაპირველი პროექტის იმ ფორმით განხორციელება იყო აბსოლუტურად მიუღებელი. მცირდებოდა კორიდორის გამტარუნარიანობა 20 პროცენტით, ხოლო მოვლა- შენახვის ხარჯი 10-წლიან პერიოდზე გაანგარიშებით, დაახლოებით იზრდებოდა 67%-ით. ეს პროექტი ასეთ პირობებში განხორციელებით იქნებოდა წამგებიანი, ამიტომაც მოხდა მისი გადახედვა” – განმარტა ლექვინაძემ.

საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტირის დირექტორის გურამ გურამიშვილის თქმით, სამივე ვარიანტი ითვალსწინებს საშიში ნავთობპროდუქტების გატანას ქალაქიდან. რაც შეეხება თანხებს, სამივე პროექტის ღირებულება განსხვავებულია.

”სხვადასხვა მასშტაბის თანხებთან გვაქვს საქმე. პირველი ვარიანტი, რომელიც ყველაზე ოპტომალურად გვეჩვენება, ჯდება 300 მლნ შვეიცარული ფრანკი, მეორე ვარიანტი პროექტს აძვირებს 64 მილიონით და მესამე ვარიანტი აძვირებს 140 მლნ-ით” – აღნიშნა გურამ გურამიშვილმა.

თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა 2010 წელს დაიწყო, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მთავრობის მიერ წამოწყებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძვირადღირებული ინფრასტრუქტურული პროექტი იყო.

2013 წლის სექტემბერში, მას შემდეგ, რაც პროექტის ფარგლებში 213 მილიონი აშშ დოლარი – პროექტის ღირებულების 65% უკვე დახარჯული იყო, ახალმა მთავრობამ თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი დაიწუნა და შეაჩერა. თბილისის შემოვლითი რკინიგზა განსხვავებული მოდიფიკაციებით აშენდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები