LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემოუშვებენ თუ არა ნახევრადაღიარებული კოსოვოს ნაკრებს თბილისში: რა მოხდება ევრო 2020-ის პლეი-ოფში

114
kosovo-national-team-edited

დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც საქართველოს პირველმა პირმა გაეროს ტრიბუნიდან „ოკუპაციის შესახებ“ კანონის დარღვევაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველომ, როგორც სტუმართმოყვარე ქვეყანამ ოკუპანტი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი უნდა მიიღოს. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ამ მიპატიჟების შემდეგ, გასაკვირია აღარაფერია, მაგრამ ქვეყნის პირველი პირების მხრიდან რომელიმე ნაბიჯი ან განცხადება რომ მოულოდნელობა არ იყოს, რადიო „ფორტუნამ“ გადაწყვიტა, წინასწარ გაერკვია, ნახევრადაღიარებული კოსოვოს რესპუბლიკის საფეხბურთო ნაკრების ქვეყანაში შემოსვლა იქნება თუ არა პოლიტიკური გადაწყვეტილება და თუ ასეა, რა შედეგები შეიძლება ამას მოჰყვეს, ან ხომ არ იქნება ეს საქართველოს მხრიდან კოსოვოს რესპუბლიკის აღიარება იმ დროს, როცა საქართველოს თავად აქვს თვითაღიარებული რესპუბლიკები საკუთარ ტერიტორიაზე. 

"ამზადებენ ნიადაგს, რომ შემოუშვან რუსი დელეგატები" - ნიკა ჩიტაძე

ეს კეთილი ჟესტი კი არ იყო, ეს იყო მიზანმიმართულად, რომ გაზრდილიყო რუსეთზე დამოკიდებულება და შემდეგ როცა დასჭირდება პუტინს, შანტაჟისთვის გამოიყენებს"

რომ არ დაიბნეთ, რა კოსოვო და ფეხბურთიო, გეტყვით, რომ 26 და 29 მარტს თბილისში, ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალური და ფინალური მატჩები გაიმართება. პირველ მატჩში საქართველო-ბელარუსის ნაკრებები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, მეორე ფინალისტის ვინაობა კი ჩრდილოეთ მაკედონიისა და კოსოვოს შეხვედრაში გაირკვევა. მართალია, ბუქმეიქერები ფსონს უფრო მეტად ჩრდილოეთ მაკედონიაზე დებენ, მაგრამ აქ საქართველოსა და იქ კოსოვოს მოგების შემთხვევაში, ნახევრადაღიარებული ქვეყნის საფეხბურთო ნაკრები თბილისში უნდა ჩამოვიდეს. ლეგიტიმური კითხვები, პოლიტიკურ კონტექსტსა და იმაზე, თუ რა პოზიცია უნდა ჰქონდეს ქვეყანას, ჩვენ ექსპერტებს და საგარეო საქმეთა სამინისტროს დავუსვით.

 

საერთაშორისო ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ რამდენიმე მსგავსი შემთხვევა გაიხსენა და გვითხრა, რომ ამ შემთხვევაში სიტუაცია განსხვავებულია.

ნიკა ჩიტაძე, საერთაშორისო ექსპერტი:
„მსგავსი მაგალითები ძალიან ადრე, წლების წინ გვახსოვს, გარკვეული გუნდები მონაწილეობდნენ ხოლმე თამაშებში იმ დროს, როცა სახელმწიფოდ ესა თუ ის ქვეყანა აღიარებული არ იყო, მაგრამ საქმე ისაა, რომ ისინი იყვნენ ფიფას წევრები. შეიძლება არ იყოს აღიარებული რესპუბლიკა, როგორც სახელმწიფო არ არსებობდეს, მაგრამ გუნდები თამაშში მონაწილეობდნენ. მე მახსენდება ფარერის კუნძულები, რომლებიც დანიის პასპორტით ფიქსირდებოდნენ, შეიძლება განსხვავებული მაგალითია, მაგრამ შოტლანდია, უელსიც შეიძლება გავიხსენოთ, რომლებიც დიდი ბრიტანეთის პასპორტებით მონაწილეობენ ხოლმე. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ისინი ფიფას წევრები არიან.

საქართველო, ცხადია, არ აღიარებს კოსოვოს რესპუბლიკას, მაგრამ ეს გუნდი ხომ ფიფას და უეფას დროებითი წევრია. ვფიქრობ, შეიძლება გაფორმდეს დროებითი დოკუმენტაცია, რომ არა მხოლოდ გუნდის წევრები, არამედ გულშემატკივრებიც შემოვიდნენ. ეს არ იქნება ჩვენი მხრიდან აღიარება, მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. მათ სავარაუდოდ, ნეიტრალური დოკუმენტები უნდა ჰქონდეთ, რისი საშუალებითაც საზღვარს გადმოკვეთენ. კიდევ მახსენდება, შემთხვევა, როდესაც 1974 წელს საბჭოთა კავშირი ჩილეში არ ჩავიდა, რადგან იმ რეჟიმს არ აღიარებდა. ასევე ალბანური გუნდები საბჭოთა კავშირში არ ჩადიოდნენ.“

 

პრობლემას ვერ ხედავს, ვერც ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე. ის „ფორტუნასთან“ საუბარში აცხადებს, რომ გასაგებია, საქართველო, როგორც რესპუბლიკას არ აღიარებს, მაგრამ როდესაც საფეხბურთო გუნდზე ვსაუბრობთ, ეს პოლიტიკურ კონტექსტში არ უნდა განვიხილოთ.

მამუკა არეშიძე, ექსპერტი: „კოსოვოს გუნდები, როგორც მახსოვს, სპორტის სხვა სახეობების შემთხვევაში ჩამოდიოდნენ საქართველოში. ფეხბურთს რაც შეეხება, ჩვენ გასაგებია, რომ როგორც რესპუბლიკას არ ვაღიარებთ, მაგრამ ეს პოლიტიკურ კონტექსტში არ უნდა განვიხილოთ. ის ფიფას წევრია, ეს სპორტული ღონისძიებაა. შესაბამისად, ეს კოსოვოს, როგორც რესპუბლიკის აღიარებას არ ნიშნავს და ამის გამო, არც პრობლემა უნდა შეიქმნას“.

 

რადიო „ფორტუნა“ საგარეო საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა შეკითხვით – რას იზამს ასეთ დროს საქართველო, ან ზოგადად, მსგავსი შემთხვევების დროს, რას აკეთებს ქვეყანა? საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ ეს მათ არ ეხებათ და ადგილზე მესაზღვრემ უნდა გადაწყვიტოს, ვინ შემოუშვას და ვინ არა. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, ოფიციალური განცხადებები ამ თემაზე უნდა გააკეთოს თუ არა საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ამის შემდეგ უწყებამ საერთოდ ფეხბურთის ფედერაციასთან გადაგვამისამართა. ჯერჯერობით უცნობია, ფედერაციას დაევალა საზღვრების კონტროლი, თუ რა ხდება. ეს ცხადია, ხუმრობით, თუმცა რადგან ფეხბურთის მატჩს ეხებოდა, როგორც ჩანს, საგარეო საქმეთა სამინისტროში საჭიროდ არ ჩათვალეს, ნახევრადაღიარებული რესპუბლიკის გუნდისა თუ მხარდამჭერების შემოსვლა-არშემოსვლაზე კომენტარი გაეკეთებინა.

რაც შეეხება ფეხბურთს, თუ საქართველო ბელარუსს დაამარცხებს და შემდეგ უკვე ჩრდილოეთ მაკედონიის ან კოსოვოს ნაკრებსაც მოუგებს, ის ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

დაიწყო: 26 მარტის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაწყებულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები