LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემოსავლების სამსახურმა სს „საქკაბელს“ ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი მიანიჭა

597
12

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ელგუჯა ბერანძემ სს „საქკაბელის“ მმართველ დირექტორს დავით კაპანაძეს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (AEO) სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი და სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

„მოხარული ვარ, რომ  მაქვს შესაძლებლობა, შემოსავლების სამსახურის სახელით, გადმოგცეთ ეს ძალიან საპასუხისმგებლო წოდება. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის ძირითადი პრინციპი დაფუძნებულია ბიზნესთან პარტნიორულ ურთიერთობაზე. აღნიშნული სტატუსი ითვალისწინებს საბაჟო სერვისებით უპირატესი სარგებლობის უფლებას და რაც მთავარია, სტატუსის მფლობელი კომპანიის მიმართ სახელმწიფოს უყალიბდება უსაფრთხო და სანდო პარტნიორად აღიარების შესაძლებლობა. ვფიქრობთ, სს „საქკაბელის“ მიერ უსაფრთხოებისა და ნდობის მაღალი სტანდარტების დანერგვა, დადებითად აისახება, როგორც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, ასევე მათ მიერ წარმოებული საქონლის  შეუფერხებელი მიწოდების ჯაჭვის გაუმჯობესებაზე“,- განაცხადა საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ.

აღნიშნული ღონისძიება ზესტაფონში „საქკაბელის“ გადაიარაღებული საწარმოსა და ახალი შოურუმის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე გაიმართა.

„ვაფასებთ დნობას. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი სს „საქკაბელს“ გამარტივებულ და პრიორიტეტულ საბაჟო შესაძლებლობებს სთავაზობს, ასევე, უზრუნველყოფს საიმედო საქმიანი პარტნიორის წოდებას ბიზნეს წრეებში. მოხარული ვართ, რომ ჩვენი კომპანია ისარგებლებს აღნიშნული ბენეფიტით, რაც გარკვეული სასაქონლო ოპერაციების დროს იმპორტირებული საქონლის განკარგვაში, ბევრი საბაჟო ფორმალობის თავიდან აცილებაში, აგრეთვე, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, სადაც ჩვენი პროდუქციაა პოზიციონირებული, არსებულ და მომავალ პარტნიორებთან ოპერირებაში დაგვეხმარება. პოტენციური პარტნიორისთვის, განსაკუთრებით ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ეს სტატუსი ნიშნავს, რომ  ჩვენი კომპანია მუშაობს კეთილსინდისიერად და განვითარებაზეა ორიენტირებული”, – განაცხადა სს „საქკაბელის“ მმართველმა დირექტორმა დავით კაპანაძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით, საქართველომ აიღო სამართლებრივი ვალდებულება, საბაჟო პროცედურები ევროპულ რეგულაციებთან ეტაპობრივად დააახლოოს. ამასთან, აღნიშნული რეგულაციები ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კონცეფციის იმპლემენტაციასაც გულისხმობს და ის საბაჟო სისტემასა და ბიზნესს შორის პარტნიორულ ურთიერთობას ეფუძნება. ახალი სტატუსი კომპანიებს ახალ გამარტივებულ საბაჟო შესაძლებლობებს სთავაზობს, კერძოდ, ავტორიზაციის მფლობელის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონლის მიმართ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისას შემცირდება საქონლის ფიზიკური დათვალიერებისა და დოკუმენტური შემოწმების სიხშირე, ხოლო საბაჟო გაფორმების პროცედურები პრიორიტეტული წესით შესრულდება.

დამატებითი ინფორმაცია ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსისა და მიღების წესის შესახებ იხილეთ ბმულზე.

შეგახსენებთ, რომ სს „საქკაბელთან“ ერთად აღნიშნულ სტატუსს საქართველოში უკვე 8 კომპანია  (შპს „დემასი“, შპს „გოსელინ მობილითი ჯორჯია“, შპს „შარმ ტრეიდინგი“, შპს „ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია“, სს „შატო მუხრანი“, შპს „ქართული სადისტრიბუციო-მარკეტინგული კომპანია“ და შპს „ჰავი ლოჯისტიკსი“) ფლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები