ხაშურში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა 2021 წლის შემოდგომაზე დასრულდება. პროექტი ითვალისწინებს სტადიონის ხელოვნურსაფარიანი მოედნის, ორი ათას მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნების, სპორტული განათების, დამხმარე ნაგებობების, სარწყავი სისტემის, საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობასა და სხვა აუცილებელი სამუშაოების ჩატარებას, სტადიონის მიმდებარედ მოეწყობა ღია ავტოსადგომიც.
მიმდინარე სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა.
„სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვდგამთ ქვეყნის მასშტაბით და ამ კუთხით წელს დაწყებული სამუშაოები გამორჩეულია. მხოლოდ დიდ პროექტებს თუ შევეხებით, ოთხი სპორტ-კომპლექსისა და ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზის მშენებლობა დაიწყო ქუთაისში, ახალციხეში, ზუგდიდსა და რუსთავში, რაც შესანიშნავი შესაძლებლობაა სპორტით დაინტერესებული ყველა თაობის ადამიანისთვის. სასიხარულოა, რომ მალე კარგი სტადიონი ექნება ხაშურს და დარწმუნებული ვარ, ყველა მუნიციპალიტეტში, ამ სახის ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანი სტიმულია ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობისთვის,“ – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს, მისი ღირებულება 6.5 მილიონი ლარია.