LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შემიწყალე შენი დედა ვატირე“ ან „გააკეთე ამნისტია, თორემ დედას გიტირებ“ არ არის სწორი ფორმა: იაგო ხვიჩია

211
იაგო ხვიჩია

„გირჩის“ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას ეხმიანება და აცხადებს, რომ „პრობლემა არაადეკვატურობასა და მიმართვის არასწორ ფორმებში მდგომარეობს“. ხვიჩიას თქმით, პოლიტიკური მიზანიც, ამნისტიაც, შეწყალებაც და ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ღონისძიებები ლეგიტიმურია, „უბრალოდ ამას ძალით არ უნდა აკეთებდე, ან მიმართვის სწორი ფორმა გქონდეს შერჩეული“.

„პრობლემას წარმოადგენს არაადეკვატურობა. ეს ნიშნავს იმას, როცა რაღაცას ითხოვ და ამის მიღების გზას არ სახავ, შესაბამისად ამას აკეთებ იმისთვის, რომ ადამიანების ემოციაზე იმოქმედო და არა შედეგს მიაღწიო. ეს მოთხოვნაც ასეთია ჩემი აზრით, მას ამწუთას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. გასაგები უნდა იყოს, რომ ითხოვენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. პოლიტიკური მიზანი ლეგიტიმურია, ამნისტიაც ლეგიტიმურია, შეწყალებაც და ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ღონისძიებები. უბრალოდ, როცა ამას ითხოვ, ან ძალით უნდა აკეთებდე ამას და ძალას აჩვენებდე, ან მიმართვის სწორი ფორმა გქონდეს შერჩეული – „შემიწყალე შენი დედაც ვატირე“, არ არის სწორი ფორმა, ან „გააკეთე ამნისტია, თორემ დედას გიტირებ”, არც ეს არის სწორი ფორმა,“ – განაცხადა ხვიჩიამ.

იაგო ხვიჩია, დღეს ნაციონალური მოძრაობის და მისი მხარდამჭერების მიერ დაანონსებულ აქციასაც ეხმიანება და აცხადებს, რომ „მიტინგები და აქციების შეძახილები ბრძოლის ერთადერთ მეთოდად გამოცხადდა, რაც ეფექტური 20 წლის წინ იყო, მაგრამ დღეს ყავლი გაუვიდა“.

„მიტინგები და აქციების შეძახილები ბრძოლის ერთადერთ მეთოდად გამოცხადდა, ეს იყო ეფექტური 20 წლის წინ, მაგრამ დღეს რომ ყავლი გაუვიდა, ვერ ხედავენ ჩემი კოლეგები, ისევე როგორც ბევრ ადამიანს გაუვიდა ყავლი და არც ამის შემჩნევა უნდათ.

“ვარდების რევოლუცია” მახსენდება, როგორც დიდი მოლოდინების პერიოდი, მე მაშინ სტუდენტი გახლდით და დიდი მოლოდინებით შევყურებდი მომავალს. თუმცა, მისი შედეგები ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც მოსახლეობა ელოდა, არ აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილის ქმედებების გამო, ჩვენ რომ ნორმალური სასამართლო გვქონდეს, სააკაშვილი კოსტიუმების და უგულავასთან ერთად გასახდომი პროცედურების გამო კი არ უნდა იჯდეს ციხეში, არამედ „ვარდების რევოლუციის“ მოლოდინების გაცრუების გამო. „ვარდების რევოლუციის“ იდეალი დაირღვა ნულოვანი ტოლერანტობის დროს, დაირღვა მაშინ, როცა სასამართლო და პროკურატურა ჩაისვა მმართველმა ორგანოებმა ჯიბეში, დაირღვა 7 ნოემბერს. პირველივე ვადაში სააკაშვილმა „ვარდების რევოლუციის“ რეალური ღირებულებებისგან არაფერი დატოვა. ამან გამოიწვია გაორებული შეხედულებები „ვარდების რევოლუციაზე“, რომელიც იყო უდავოდ პროგრესული მოვლენა, უდავოდ კარგად დაიწყო, მაგრამ რაც მივიღეთ ვნახეთ. 2012 წელს „ვარდების რევოლუციის“ მონაპოვარი წყალში ჩაიყარა და ხელისუფლება გადაიბარა სხვა ხალხმა, რომელსაც მაინცდამაინც დიდი სიმპათიები „ვარდების რევოლუციასთან“ არ გააჩნდა. „ვარდების რევოლუცია“ იყო შანსი ამ ქვეყნისთვის, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ეს შანსი თვითონ დაასამარა და დღემდე აგრძელებენ ამას,“ – განაცხადა ხვიჩიამ.