“შემიძლია, ევროპელებსა და ამერიკელებს ვესაუბრო თანასწორად, მაქვს ევროკავშირთან მუშაობის გამოცდილება, ვმუშაობდი ნატო-ს „შტაბკვარწირაში“ – ამის შესახებ მმართველი გუნდის მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, პირველი არხის ეთერში დებატებისას , წამყვანის კითხვის , რას ფიქრობს ქვეყნის საგარეო მიმართულებასთან დაკავშირებით, საპასუხოდ განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ მისი პრიორიტეტი ევროპასთან კიდევ უფრო დაახლოება და დასავლური კურსია, ამისთვის კი მას შესაბამისი გამოცდილებაც გააჩნია.
„მე მაქვს ამის პირდაპირი გამოცდილება, ერთი იმიტომ რომ ვმუშაობდი ევროკავშირთან. ნიცის ტრაქტატის უსაფრთხოების ნაწილი ჩემი დაწერილია. ვმუშაობდი ნატო-ს „შტაბკვარწირაში“ და ვიცი, რა ხდებოდა 2004 წლამდე, როცა ევროკავშირსა და ნატო-ში ცენტრალური ევროპის ქვეყნების შესვლის პროცესი მიდიოდა.
იმ დროს იგივე წინააღმდეგობები იყო რუსეთის მხრიდან. ძალიან ნათელი იყო ერთი რამე, რომ წინააღმდეგობა იზრდებოდა, როცა იყო „სტოპ ენდ გო“ – გაჩერება და წასვლა. ყველაზე რეალური სვლა ევროკავშირისა და ნატო-სკენ არის ნაბიჯ-ნაბიჯ და შეუჩერებელი სვლა.
დღეს იმის თქმა, რომ ბრექსიტი არის კატაკლიზმი, არასწორია. ეს არის კრიზისი ევროკავშირისთვის, მაგრამ ამ კრიზისმა შესაძლოა, ახალი ფორმატები მოგვცეს. ამ საკითხზე ვესაუბრე რამდენიმე ადამიანს, რომელიც ამ საკითხებში გარკვეულია.
რადგან ბრიტანეთისთვის ახალი ფორმატები მუშავდება, ამ ახალ ფორმატებში საქართველომ შეიძლება ახალი ადგილები მოიპოვოს. ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო მომთხოვნები და სხვანაირად ვესაუბროთ ევროკავშირს. რეგიონში გვაქვს ის სტაბილურობა და ადგილი, რომელიც უფრო მეტად არის დასაფასებელი. მე ის უპირატესობა მექნება, რომ ევროპელებთან და ამერიკელებთან შემიძლია ვილაპარაკო ერთი ერთზე, თანასწორად და არა ძველი საბჭოთა კომპლექსებით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პირველ არხზე დებატები სალომე ზურაბიშვილს, გრიგოლ ვაშაძესა და დავით ბაქრაძეს შორის გაიმართა.