LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შემდეგი საქართველო იქნება… რუსეთი ცდილობს, ახალი საბჭოთა კავშირის შექმნას”

813
პუტინი

თანამედროვე სამყაროში არსებობს ქვეყნები, რომლებიც საუკუნეების წინ დამპყრობლებად გვევლინებოდნენ, მაგრამ დღეს საკუთარ საზღვრებში ასე თუ ისე ეტევიან და ღია ომებს აღარ აწარმოებენ. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა კმაყოფილია საკუთარი ტერიტორიის ზომით, მაგრამ ზოგს საერთაშორისო რეაქციის ანუ სანქციების ეშინია, ზოგსაც – ნატოსი. ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც არც მიწა ჰყოფნის, არც მტაცებლური ჟინი გაუქრა, ვერც სხვა ქვეყნების განვითარებას იტანს, ვერც სანქციები აშინებს და შურიანი მეზობელივით ყოველ წარმატებაზე ფეხს გიდებს, რუსეთია.

უკვე დიდი ხანია, პუტინს არც დასავლეთთან და არც აშშ-თან ერიდება საკუთარ სურვილებზე ღიად საუბარი. ის საკუთარ გეგმებზე არათუ ლაპარაკობს, არამედ კონკრეტულ პირობებს აყენებს და მათ შესრულებას ითხოვს.

ერთ-ერთი ბოლო მოთხოვნა საქართველოს უკავშირდება. კრემლმა ოფიციალურად თქვა, რომ ნატომ და აშშ-მ უარი უნდა თქვან ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან. პარალელურად, ვხედავთ, რა ხდება უკრაინის საზღვართან, რაც უფრო და უფრო ცხადს ხდის, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას აპირებს. ახლა მთავარი კითხვებია: რა საფრთხეშია საქართველო, რა გამოწვევებია საგარეო კუთხით და რაზეა დამოკიდებული პუტინის სურვილების რეალობად ქცევა

 

                                                             

 

საქართველოს პასუხი რუსეთს

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას საქართველოს საგარეო უწყება გამოეხმაურა და თქვა, რომ ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილება არ გადაიხედება.

მინისტრი დავით ზალკალიანი აზუსტებს, რომ ეს საკითხი საქართველო-ნატოს გადასაწყვეტია და მესამე მხარეს არ აქვს უფლება, საქმეში ჩაერიოს.

რუსეთი ნატო-სგან ოფიციალურად ითხოვს გააუქმოს 2008-ის პირობა, საქართველო-უკრაინის გაწევრიანებაზე

ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, ოფიციალურად უარი ითქვას ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაზე, რომ „უკრაინა და საქართველო გახდებიან ნატო-ს წევრები“, - ნათქვამია განცხადებაში.

„ნატო უნიკალური ორგანიზაციაა, რომელიც დაფუძნებულია პრინციპებზე და მისი წესდების შესაბამისად, არც ერთ მესამე მხარეს არ აქვს უფლება, ჩაერიოს გადაწყვეტილებაში ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით.

ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წელს არის მიღებული, არ გადაიხედება, არ გადაისინჯება. ეს ძალიან მკაფიო და ნათელია. ამის შესახებ საუბრობენ ჩვენი ნატო-ელი პარტნიორები. ამასთან, ის, რომ ყველა ქვეყანას, რომელიც ნატო-სკენ მიისწრაფვის და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, მისთვის ნატო-ს კარი ღიაა და ეს არის ნატო-სა და იმ ქვეყნის გადასაწყვეტი. ამ შემთხვევაში, საქართველოსა და ნატო-ს გადასაწყვეტი“, – ამბობს ზალკალიანი.

ერთია, რა განცხადება კეთდება საჯარო, მეორეა – რეალურად რა ხდება. რეალურად კი ისაა, რომ ამ ეტაპზე საქართველო რუსეთს დიდად არ აინტერესებს, აქცენტს უკრაინაზე აკეთებს. შეიძლება იმიტომაც, რომ ჩვენთან ისედაც ე. წ. არგაღიზიანების პოლიტიკაა და ამ მხრივ, პუტინი, შეიძლება მშვიდადაა. რა მოხდება მას შემდეგ, თუ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმება, ეს უკვე ცალკე საკითხია.

 

 

ბაიდენის მკაცრი ტონი და პუტინის პასუხი

 

პუტინი – სოჭში, ბაიდენი – ვაშინგტონში, თეთრ სახლში – ორი პრეზიდენტის საუბარი მედიისგან დახურულ რეჟიმში შედგა.

აშშ-ის პრეზიდენტმა მოგვიანებით თქვა, რომ მან პუტინს პირდაპირ უთხრა –  თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, შედეგები რუსეთის ეკონომიკისთვის გამანადგურებელი იქნება.

ბაიდენის განცხადებით, უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთის მიმართ დანარჩენი მსოფლიოს დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვლება და რუსეთს „საშინელი ფასის“ გადახდა მოუწევს.

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი უკრაინას ემუქრება იმისთვის, რომ დასავლეთი დააშანტაჟოს - ზოგიერთ ევროპულ დედაქალაქში შიში ჭარბობს

„თუ რუსული ჯარის რაოდენობა გაიზრდება, შანტაჟი კიდევ უფრო გაიზრდება, რასაც შეიძლება ეწოდოს მზადება ჩვენი სახელმწიფოს და შესაძლოა, მთლიანად რეგიონის წინააღმდეგ აგრესიის გაფართოებისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ჯო ბაიდენის განმარტებით, საჭიროების შემთხვევაში მოკავშირეებთან ერთად აშშ აღმოსავლეთ რეგიონში მეტ ჯარისკაცს გააგზავნის, რათა რუსეთის აგრესიისგან დაიცვას ის ქვეყნები, რომელთა დაცვის ვალდებულება ალიანსს აქვს აღებული, თუმცა რუსეთის შეჭრის შემთხვევაში, უკრაინაში შეიარაღებული ძალების გაგზავნა არასდროს ყოფილა დღის წესრიგში.

რამდენად ეშინია პუტინს ეკონომიკური სანქციების, რაც მას სხვა დროსაც გამოუვლია, ეს მეორე საკითხია.

ფაქტი ისაა, რომ დასავლეთის ტონიც შეიცვალა და ბაიდენის შემდეგ, რუსეთი დიდი შვიდეულის ქვეყნებმაც გააფრთხილეს.

“რუსეთს ეჭვი არ უნდა შეეპაროს, რომ უკრაინის წინააღმდეგ მომავლის სამხედრო აგრესიას ექნება მასობრივი შედეგები და მძიმე ხარჯების მომტანი იქნება.

უკრაინის სუვერენულობის, ტერიტორიული მთლიანობისადმი და საკუთარი მომავლის გადაწყვეტის უფლებისადმი ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას”,- ნათქვამია G7-ის განცხადებაში. 

 

 

 

საქართველო, როგორც პუტინის ბოლო და გემრიელი ლუკმა

 

საქართველოს საგარეო საფრთხეებზე საუბარი სულ აქტუალურია, მაგრამ ამჯერად, ეს საფრთხე ისე ახლოსაა, როგორც არასდროს. ამის თქმის საფუძველს კი უკრაინაზე რუსეთის შესაძლო თავდასხმა იძლევა. ჩვენ “რონდელის ფონდის” მკვლევარს – ზურაბ ბატიაშვილს დავუკავშირდით და ვკითხეთ, რა გამოწვევების წინაშეა დღეს საქართველო.

“პუტინს არასდროს დაუმალავს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა იყო მისი და საბჭოთა მოქალაქეების ტრაგედია. ის ცდილობს, ახალი საბჭოთა კავშირის შექმნას, ამისთვის აკეთებს იმას, რასაც უკრაინის გარშემო ვხედავთ, ის, რაც 2008 წელს საქართველოში იყო, ასევე რაც ვნახეთ 2014 წელს ყირიმთან დაკავშირებით. დასავლეთი ახლა გამოფხიზლებულია, ბაიდენის ეს აქტიურობა, რომელიც ამავე დროს დასავლეთის პოზიციის კონსოლიდაციას ახდენს, დამაიმედებელია. მკაფიო მესიჯებია, რომ მკაცრი პასუხი იქნება, რამაც შეიძლება რუსეთის ეკონომიკა ჩამოშალოს. საქართველო, რა თქმა უნდა შემდეგია, რადგან საბჭოთა კავშირი ვერ აღდგება, თუ მასში არ იქნება საქართველო, უკრაინის შემდეგ იქნება საქართველო, ამიტომ ვამბობ, რომ უკრაინაში წყდება საქართველოს ბედი”, – აცხადებს ბატიაშვილი.

საქართველოს საგარეო საფრთხეებს რაც შეეხება, როგორც ზურა ბატიაშვილი ამბობს, ნორმალურ სახელმწიფოში უნდა იკრიბებოდეს უშიშროების საბჭო და იქ მიმდინარეობდეს ამ საკითხების განხილვა. ყველა უწყებას უნდა ჰქონდეს მკაფიო წარმოდგენა, რუსეთიდან რა საფრთხეები მომდინარეობს და რა უნდა გაკეთდეს. საქართველოში ძირითადი პრობლემა ისაა, რომ ინსტიტუტები არ გვაქვს”.

ექსპერტს არც საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება დარჩენია უყურადღებოდ.

“მე მახსოვს 3+3-ის ინციდენტი, როცა თქვა, რომ მასში მონაწილეობაზე ვიფიქროთო, მერე ნახა საზოგადოების რეაქცია და შეიცვალა რიტორიკა. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის წინააღმდეგ ოფიციალურად ვერ წავლენ, მაგრამ ერთია ოფიციალური ნაწილი, მეორე – რეალურად რა კეთდება. რეალურად ის კეთდება, რომ საქართველო საერთოდ არ ჩანს, ხელისუფლება იმაზე უნდა იყოს ორიენტირებული, რომ დასავლეთი მხოლოდ უკრაინაზე არ საუბრობდეს, – აცხადებს ბატიაშვილი. 

ამ ეტაპზე, ჯერჯერობით მოლოდინის რეჟიმში ვართ, ჩვენც და მსოფლიოც. ველოდებით, რამდენად შეეშინდება პუტინს ეკონომიკური სანქციების, ან არ შეეშინდება და ახალი საბჭოთა კავშირის შექმნის სურვილს რეალობად აქცევს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები