მმართველი გუნდის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, „ქართული ოცნების“ მთავრობის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.
მისი განცხადებით, ერთი მხრივ ევროკავშირი, ნატო და აშშ ამბობს, რომ ნაბიჯით საფრთხე ექმნება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას, მეორე მხრივ კი რუსეთი იცავს „ქართული ოცნების“ ამ ნაბიჯს.
„ერთის მხრივ, ევროკავშირი 🇪🇺, ნატო, ევროკავშირის წევრი ქვეყნები და აშშ 🇺🇸 აცხადებენ, რომ ქართული ოცნება ამ ნაბიჯით საფრთხეს უქმნის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას, და მეორეს მხრივ, რუსეთი 🇷🇺 იცავს ქართული ოცნების ამ ნაბიჯს და აცხადებს, რომ ყველა ქვეყანა ებრძვის უცხო აგენტებს და ეს საერთაშორისო პრაქტიკაა.
შემდეგი ნაბიჯი საქართველოს კონსტიტუციიდან ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მუხლის ამოღება უნდა იყოს, ეს კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს სუვერენიტეტს. არ გვჭირდება ჩვენ მათი ფული და რჩევები. რუსეთი ხომ ჩვენს გვერდითაა, დიდი და კეთილი მეზობელი, ბრწყინვალე სახელმწიფო მოწყობის სისტემით, ეკონომიკური შესაძლებლობებითა თუ სამხედრო ძალით, რომელიც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის გარანტიაა“, – წერს მიხეილ ჯანელიძე.