LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების განთავსების შეზღუდვასთან დაკავშირებული ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა

113
parlamenti-7

შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს, დროებითი კონსტრუქციების განთავსების შეზღუდვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობის ინიციატივით მომზადებული კანონის პროექტი – 74 ხმით 22-ის წინააღმდეგ მიიღეს. პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები სამივე მოსმენით ორი პლენარული დღის განმავლობაში განიხილა და მიიღო.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით მომზადებული პროექტის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: – საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, “საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება.

ამ ახალი ამკრძალავი ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია – სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ბერაია, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები