“თუ ვეტო შეეხება იმ ორ საკითხს, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ “ვენეციის კომისიასთან”, ვეტო იქნება გაზიარებული,” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ვეტოს გამოყენება პრეზიდენტის უფლებაა და შესაბამისად, ინიციატივა არის მის მხარეს. კობახიძის თქმით, უმრავლესობა შეხვედრის ჩატარება მან უნდა შესთავაზოს. თუმცა, კობახიძე განმარტავს, რომ ოპოზიციისა და პრეზიდენტის შემუშავებულ დოკუმენტს უმრავლესობა არ გაიზიარებს.
“თუმცა, თუ საქმე ეხება იმ კონსტიტუციას, რომელიც დაწერა პრეზიდენტმა 20 პარტიასთან ერთად, ბუნებრივია ამ კონსტიტუციას, სამ დღეში დაწერილ კონსტიტუციას ჩვენ ვერ გავიზიარებთ,“ – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.
ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, 6 ოქტომბერს “ვენეციის კომისიის” პლენარული სხდომა შედგება.
“ორ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებული ვართ “ვენეციის კომისიასთან”, რომ აუცილებლად აისახება სამომავლოდ კონსტიტუციაში, ახალ დოკუმენტში, ეს არის ბონუსის ამოღება და ბლოკების გაუქმება.
“ჩვენ შევთავაზეთ პრეზიდენტს “ვენეციის კომისიასთან” მიღწეული შეთანხმების შესაბამისად ვეტოს გამოყენება, თუმცა როგორც ჩანს, პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.