LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილი ოქუაშვილს რეგიონებში თამბაქოს ბიზნესის აღორძინებაში დახმარებას დაპირდა – ყიფიანის ჩვენება

90

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ზაზა ოქუაშვილის თხოვნით შედგა. მისივე თქმით, ამავე შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა ქართულ წარმოებას და ქართული თამბაქოს ბიზნესში არსებულ პრობლემებს. ყიფიანის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა ზაზა ოქუაშვილს თამბაქოს ბიზნესში დახმარება აღუთქვა.

“იდეა შეეხებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში თამბაქოს და ზოგადად, ამ დარგის აღორძინებას, რაც საკმაოდ დიდ ინვესტიციას მოითხოვდა, რაზეც ბატონმა ბიძინამ აღუთქვა დახმარება. კერძოდ, განუმარტა, რომ შეედგინა საკუთარი გეგმა და ხედვა, როგორ ესახებოდა ქართული თამბაქოს განვითარება. რაც თავის მხრივ, შექმნიდა დამატებით სამუშაო ადგილებს და ბატონი ბიძინა გამოთქვამდა მზაობას დახმარებოდა ზაზა ოქუაშვილს. აღნიშნულ საკითხზე და საერთო ბიზნესის განვითარებაზე იყო კიდეც საუბრები და ფაქტობრივად, ბატონი ბიძინა გამოთქვამდა მზაობას დაგვხმარებოდა აღნიშნულ ბიზნესში. ამავე შეხვედრაზე განხილული იყო ის პრობლემები რომელიც ქონდა ქართულ ქართულ წარმოებას. იგი ვერ უწევდა კონკურენციას უცხოურს, იყო დემპინგური ფასები. ასევე თუ სწორედ მახსოვს საუბარი იყო რაღაც კრედიტთან დაკავშირებითაც,” – ამბობს ლევან ყიფიანი მიცემულ ჩვენებაში, რომელსაც პროკურატურა ავრცელებს.

ამავე ჩვენებაში ლევან ყიფიანი აღნიშნავს, რომ ამ ბიზნესის განვითარებაში საკუთარი დაინტერესებაც ჰქონდა, რადგან ამავე ბიზნესის მოწილე ხდებოდა და ამ საკითხთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილს პირადად არა ერთხელ შეხვდა.

ამავე ჩვენებაში ლევან ყიფიანი ამბობს, რომ შპს “ოჯთ”-სთვის დავალიანების რესტრუქტურიზაციაზე საუბარი არ ყოფილა, რადგან გადავადებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ფინანსთა სამინისტროსთან აწარმოებდნენ.

“გადავადებასთან დაკავშირებით ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან, რომელიც ძალიან დაგვეხმარა და ერტხელ უკვე განგვიახლა შეჩერებული აქციზების გაცემა. ამავდროულად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ არაერტხელ გადაავადა აღსრულების პროცესი და ხელს გვიწყობდა, რომ არ მომხდარიყო კომპანიის საქმიანობის შეფერხება და ხალხი უმუშევრად არ დარჩენილიყო,” – ამბობს ლევან ყიფიანი ჩვენებაში, რომელიც პროკურატურამ ცოტა ხნის წინ გაასაჯაროვა.