“შეხვედრა შეხვედრისთვის არ უნდა შედგეს,” – ასე ეხმიანება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო ქაცარავა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებას.
ჟურნალისტებთან საუბარში სოფო ქაცარავა აღნიშნავს, რომ საქართველოს პოზიცია უცვლელია და შეხვედრა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა ამ შეხვედრას კონკრეტული მიზანი ექნება.
“ეს კონკრეტული მიზანი ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებია და თუ მცირე ნაბიჯი გადაიდგმება იმისკენ, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. სხვა შემთხვევაში, შეხვედრა შეხვედრისთვის არ უნდა შედგეს. სხვა მოცემულობები და შესაძლებლობები იყო, როცა პრეზიდენტს შეეძლო, პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებისთვის მხარი დაეჭირა,” – განაცხადა ქაცარავამ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ მოსკოვი არ გამორიცხავს რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრას, თუმცა მისი თქმით, ასეთ შეხვედრას მომზადება სჭირდება.
საქართველო პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ორი დღის წინ განაცხადა, რომ რუსეთთან რაციონალური დიალოგის მომხრეა.
“ვნატრობ იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები, არა მისი იმიჯიდან, არამედ იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რომელიმე რუსულ ოჯახს მოსკოვში იქნება თუ პეტერბურგში,”ც- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.