არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სამუშაო ვიზიტით მყოფი პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აბუ-დაბიში საემიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და სოციალური განვითარების მინისტრს, შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა შეიხის მიერ საქართველოში ახალი ინვესტიციების განხორციელებაზე, მათ შორის ახალი სასტუმროების მიმართულებით.
„შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანმა საქართველოში ინვესტიციების გაორმაგება ჯერ კიდევ გასულ წელს, „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმზე გამოსვლისას დააანონსა. დღეს ჩვენ გვქონდა ძალიან კონკრეტული საუბარი საქართველოში ახალი სასტუმროების მიმართულებებით“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისივე თქმით, შეიხ ნაჰიან ბინ მუბარაკ ალ ნაჰიანი საქართველოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინვესტორია, რომლის ინვესტიციები რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს აღწევს. შეიხის მსხვილ ინვესტიციებს შორისაა „ტერა ბანკი“ და სასტუმრო „ბილტმორი“.
დიმიტრი ქუმსიშვილი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის დროსაც მან შეხვედრები გამართა ქვეყნის მაღალი რანგის პოლიტიკურ პირებთან და საემიროების წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელებთან. საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე მონაწილეობა მიიღო მსოფლიო საინვესტიციო ფორუმის გახსნით დისკუსიაში, სადაც საქართველოს რეფორმებზე და ქვეყნის ეკონომიკურ ტენდენციებზე ისაუბრა.