შეიცვლება თუ არა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების პროცენტი, დღეს გახდება ცნობილი. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომა 14 დეკემბერს ჩატარდა, რომელზეც სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 6.5 %-ზე დატოვა.
როგორც მაშინ ეროვნულ ბანკში განმარტეს, გადაწყვეტილება მიღებულია მაკროეკონომიკური პროგნოზის გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციაზე მოთხოვნის მხრიდან მოქმედი ფაქტორები სუსტია. თუმცა, ბოლო პერიოდის საგარეო შოკების გადმოცემისა და აქციზის გადასახადის დაგეგმილი ზრდის შედეგად, მოსალოდნელია ფასების ერთჯერადი ზრდა, მაგრამ ამ ფაქტორს ინფლაციური მოლოდინების შეზღუდვის პირობებში მხოლოდ მოკლევადიანი გავლენა ექნება ინფლაციის მაჩვენებელზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა მიზანშეწონილად მიიჩნია, პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად შენარჩუნება მოკლევადიან პერიოდში.
როგორც ეროვნულ ბანკში განმარტეს, სებ-ი მომავალი გადაწყვეტილებებისთვის გაითვალისწინებს ინფლაციის მოლოდინის განმსაზღვრელი ფაქტორების დინამიკას. ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვებიდან გამომდინარე, ასევე არ შეიცვალა პროცენტი იმ სესხებზე, რომლებიც რეფინანსირების განაკვეთზე არიან მიბმულები.