LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეიჭრა თუ არა პოლიტიკა ფეხბურთში: უეფამ კოსოვო მიიღო

61

უეფა-მ კოსოვოს ფეხბურთის ფედერაცია 55-ე წევრად მიიღო.
უეფა-ს კონგრესი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართა, სადაც ორგანიზაციის წევრობაზე კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება განიხილეს.

28 ქვეყანამ კოსოვოს უეფა-ში მიღებას მხარი დაუჭირა, 24 – წინააღმდეგი წავიდა, კიდევ 2 ხმა კი სათვალავში არ მიიღეს. შესაბამისად, კოსოვოს ფეხბურთის ფედერაცია ოფიციალურად შევიდა უეფა-ს შემადგენლობაში, როგორც 55-ე წევრი.

უეფა-ს წლის ერთ-ერთ მთავარ შეხვედრაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი, დავით მუჯირი წარმოადგენენ. რა პოზიცია დააფიქსირა კონგრესზე ქართულმა მხარემ, ჯერჯერობით უცნობია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კოსოვოს დამოუკიდებლობა აქამდე არ უღიარებია.

კონგრესზე ხმის მიცემის ფარული პროცედურის ინიციატივით შვეიცარიის საფეხბურთო კავშირის გენმდივანი ალექს მიშერი გამოვიდა, რასაც მხარი დაუჭირეს. თავის მხრივ, სერბეთის ფეხბურთის კავშირის ხელმძღვანელმა ტომისლავ კარაჯიჩმა აღნიშნა, რომ კოსოვოს უეფა-ში მიღება ნებისმიერი პირობით დაუშვებელია, რადგან ასეთი გადაწყვეტილება ფეხბურთში პოლიტიკის ჩარევის ღიად მანიშნებელი იქნება.

კოსოვოს რესპუბლიკა, რომელიც ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მდებარეობს, ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფოა. სერბეთი მას თავის ნაწილად მიიჩნევს, თუმცა ტერიტორიას ვერ აკონტროლებს.

კოსოვოს ფიფა-ში მიღების საკითხი 12-13 მაისს, მეხიკოში გასამართ მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის კონგრესზე განიხილავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები