LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეგვიძლია ლილოს ნაგავსაყრელიდან ბუნებრივი აირი მოვიპოვოთ – კახა კალაძე

139
239014853

ლილოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის დასრულებულ უჯრედებში ბიოგაზის მოპოვებისა და მის ღირებულ პროდუქტად გარდაქმნის კონცეპტუალურ პროექტს ბელგიური კომპანია „ჯეო კონსულტანტი“ მოამზადებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, პროექტი ხელს შეუწყობს ნარჩენების პოლიგონის გამართულ ფუნქციონირებას და ამ გზით დედაქალაქის ეკოლოგიური გარემოს გაჯანსაღებას.

„არაერთხელ გვისაუბრია ეკოლოგიაზე და იმაზე, რომ ყველაფერს ვაკეთებთ და უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდეს. რაც შეეხება ლილოს ნაგავსაყრელს, ის არის უმძიმეს მდგომარეობაში და თუ ჩვენ არ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ.

არსებული ნაგავსაყრელი ფაქტობრივად შევსებულია, იქ არის ძალიან დიდი მასა ნარჩენების, შესაბამისად არის იმის შესაძლებლობა, რომ ამ ნარჩენებიდან მივიღოთ პროდუქტი, ამ შემთხვევაში ბუნებრივ აირზე არის საუბარი.

2018 წლის ივლისი – კალაძე ლილოს ნაგავსაყრელზე

ზოგადად დაგეგმილი გვაქვს სეპარირება. პირველ საპილოტე პროექტს ჭავჭავაძის გამზირზე ვგეგმავთ. გვინდა, რომ მიწის ქვეშ განთავსდეს სეპარაციის ურნები და ვფიქრობ, ეს პროექტი წარმატებით განხორციელდება. ანალოგიური მიდგომა გვექნება ყველა რაიონში და ყველა უბანში. ამაზე ეტაპობრივად უნდა გადავიდეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კონცეპტუალური პროექტი მოიცავს დეტალურ პროექტირება-მშენებლობას, რომლის სავარაუდო დასრულების თარიღია 2021 წელი. მშენებლობის ტენდერი გამოცხადდება 2019 წლის სექტემბრის თვეში.

ცნობისთვის, ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე უსაფრთხო და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტიდან დაახლოებით 17 მლნ ლარი გამოიყო: უნდა დახურულიყო პრობლემური უჯრედები თუმცა, ეს პროცესი დროში გაიწელა. 

ნახეთ ასევე: ლილოს ნაგავსაყრელზე ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა აშენდება