მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე შეფერხებული მოძრაობის გამო ექსპორტიორებს მანდარინი გზაში ულპებათ. ამის შესახებ „ფორტუნას“ ხილის ექსპორტიორი კომპანიის „ფრუტილიას“ ხელმძღვანელმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა განუცხადა.
,,ახლა უნდა ხდებოდეს სწრაფ რეჟიმში პროდუქციის დახარისხება, მანქანების დატვირთვა და გაგზავნა. ახლა უნდა იყოს მანდარინის ექსპორტის ბუმი, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არავის აინტერესებს და ექსპორტიორი კომპანიები ფერმერებთან ერთად უშედეგოდ ებრძვიან ამ პრობლემას’’- განაცხადა ,,ფრუტილიას’’ ხელმძღვანელმა.
ექსპორტიორებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში პასუხობენ. როგორც „ფორტუნას“ დეპარტამენტში განუმარტეს, დღეს მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზა მოსალოდნელი ქარბუქის გამო ცოტა ხნით იყო ჩაკეტილი და მალევე გაიხსნა.
რაც შეეხება შეფერხებულ მოძრაობას. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ ყველა შესაბამის უწყებას, მათ შორის საქართველოში მოქმედ საელჩოებს აცნობეს გზაზე დაწესებული სპეციალური რეჟიმის შესახებ, რათა მათ მოეხდინათ ექსპორტიორთა ინფორმირება.
„იმის გამო, რომ 15-გრადუსიანი ყინვაა, შესაბამისი საბურავებისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გარეშე მოძრავ ავტოტრანსპორტს, საპატრულო პოლიცია მისი უფლებამოსილების ფარგლებში, გადაადგილების უფლებას არ აძლევს,“ – განმარტეს საავტომობილო გზების დეპარატმენტში.