ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომელთა თანახმადაც, “ქართული ოცნების” კანდიდატებმა ზოგიერთ ოლქში 100%-ზე მეტი აიღეს, ცესკო ტექნიკური ხარვეზით ხსნის.
ამასთან, როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, “შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პროცესში რაიმე სახის გარე ჩარევას.”
“შედეგების სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge მიმდინარეობდა შედეგების გამოქვეყნების პროცესი, რა დროსაც, შიდა მოხმარების პროგრამიდან მონაცემების გასაჯაროებისას დაფიქსირდა ტექნიკური/პროგრამული ხარვეზი, რისი მიზეზებიც დგინდება. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პროცესში რაიმე სახის გარე ჩარევას.
აღსანიშნავია, რომ ვებგვერდზე გრძელდება შემაჯამებელი ოქმების ატვირთვა, ყველა ოქმი საჯაროა და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის”, – აცხადებს უწყება.