ჩირის მწარმოებელმა ”ჩირჩხელამ” ახალი პროდუქტი შექმნა. ქართულმა კომპანიამ მომხმარებელს მწავდის ჩანაცვლება ჯანსაღი ბოსტნეულით შესთავაზა. როგორც ”ფორტუნას” ”ჩირჩხელადან” აცნობეს, ახალი პროდუქტი სპეციალურად მოგზაურობის მოყვარული ადამიანებისთვის შეიქმნა.
”თუ ემზადებით ლაშქრობისთვის, თან წაიღეთ მარტივად მოსამზადებელი, სამგზავროდ მსუბუქი და ჯანმრთელი ბოსტნეულის ჩირები. რა სჯობს მთის ჯანსაღ ჰაერზე, კოცონზე მომზადებულ ჯანსაღი ბოსტნეულის წვნიანს”, – აცხადებენ ჩირის მწარმოებელ კომპანიაში. მათივე ინფორმაციით, მარტივი, მსუბუქი, ჯანმრთელი ბოსტნეულის ჩირები, წყალისა და მარილის დამატებით, მთაში თუ ბარში 10 წუთში კერძად იქცევა.
”ბოსტნეულის ჩირებს რამდენიმე უპირატესობა აქვს: მიირთმევ ჯანსაღ პროდუქტს, არ აბინძურებ გარემოს, ზოგავ თანხას, არ ატარებ სიმძიმეს, ზოგავ დროს, არ ხარჯავ ენერგიას. ბოსტნეულის ჩირის შემადგენლობა კი ასეთია: სტაფილო, ბადრიჯანი, პომიდორი, ყაბაყი, ხახვი, ნიორი, მწვანილი, ჭარხალი, კომბოსტო, პომიდორი სვანური მარილით”, – განმარტეს ”ჩირჩხელაში”.
მათივე ცნობით, ბოსტნეულის ჩირის ღირებულება, პაკეტირებული 6 კაციანი პორციის შემთხვევაში, 28 ლარია.
შეგახსენებთ, შპს ”ჩირჩხელამ” ოპერირება 2016 წლის ბოლოს დაიწყო. კომპანია მომხმარებელს რამდენიმე სახეობის ინოვაციურ ჩირს სთავაზობს, რომლებიც ხელნაკეთია და განსხვავებული ფორმებით ხასიათდება. რაც შეეხება პროდუქციის რეალიზაციას, ის ”ჩირჩხელას” საფირმო მაღაზია ”ბუ-წიკში” ხორციელდება. ეს სავაჭრო ობიექტი აბაშიძის 33-ნომერში მდებარეობს და აქ ჩირისა და ჩურჩხელების გარდა, წარმოდგენილია სხვადასხვა დასახელების ქართული ნატურალური პროდუქცია, მათ შორის: თაფლი, მურაბები და სხვა ნაციონალური ჯანსაღი ნუგბარი.