12 დეკემბერს, 19.00 საათზე, კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ანსამბლ ,,შავნაბადას” კონცერტი ფესტივალის „საახალწლო მუსიკალური შეხვედრების“ მე-20 და კონსერვატორიის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება. ,,შავნაბადასთან“ ერთად ღონისძიებაში მონაწილეობას მომღერალი სოფო გელოვანი, თბილისის გოგონათა გუნდი, გურჯაანის ლ. მუღალაშვილის სახელობის გალობა-სიმღერის სკოლა „გურჯაანი“, ასევე ლანჩხუთის ხუხუნაიშვილების სახელობის გალობა-სიმღერის სკოლისა და ლანჩხუთის ხუხუნაიშვილების სახელობის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები მიიღებენ.
2017 წელი შემოქმედებითად ძალიან დატვირთული და ნაყოფიერი იყო ანსამბლ „შავნაბადასთვის“, მიმდინარე წელს ანსამბლმა არაერთი კონცერტი გამართა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ანსამბლი 8 ნოემბერს, ევროპის საბჭოს სასახლეში, ფორუმის მონაწილე ევროპელი ლიდერების,თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწეებისა და ასეულობით ახალგაზრდა მონაწილის წინაშე წარდგა. სპეციალურად ამ ვიზიტისთვის კომპოზიტორ მიშა მდინარაძის ავტორობით შეიქმნა ევროპის ჰიმნის, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის ბოლო ნაწილის ახალი ვერსია, რომელიც „შავნაბადამ“ ევროპის საბჭოს სასახლეში საზეიმოდ შეასრულა. გახსნის ცერემონიაზე ასევე შესრულდა რამდენიმე ხალხური სიმღერა და ჯ. კახიძის „მრავალჟამიერი“.
სტრასბურგში ყოფნისას ერთ-ერთ ტაძარში ანსამბლ „შავნაბადას“ სოლოკონცერტიც გაიმართა.
2017 წლის აქტივობები 12 დეკემბერს, კონსერვატორიაში გამართული კონცერტით არ დასრულდება. ,,შავნაბადა“ 13 დეკემბერს გერმანიაში გაემგზავრება, სადაც მისი მასპინძელი გერმანული გუნდი „კანტაუს დუმოსი“ იქნება. ანსამბლები ერთობლივ კონცერტს ქალაქ ბერლინის გეთსმანის საკათედრო ტაძარში გამართავენ.