European Best Destinations-ის მიერ ბათუმის, როგორც უსაფრთხო ტურისტული მიმართულებად დასახელების პარალელურად, ბათუმი უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. Emerging Europe, ფორბსი, ინტერფაქსი, Travel News, Where Minsk იმ 40-ზე მეტ მედიასაშუალებას შორისაა, რომლებშიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ბათუმსა და ზოგადად, საქართველოს მზადყოფნაზე უმასპინძლოს ტურისტებს სტატიები გამოქვეყნდა.
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული გამომცემლობების ჟურნალისტები Covid 19-თან ბრძოლაში საქართველოს მიღწევებსა და ტურიზმის გახსნის ღონისძიებებზე, ასევე ბათუმის, როგორც უსაფრთხო, მწვანე ზონის ტურისტულ შესაძლებლობებსა და პროდუქტებზე ამახვილებენ ყურადღებას.
„წელს, თქვენი მოგზაურობის არჩევანი შეიძლება შეზღუდული იყოს, მაგრამ საქართველო და მისი შავი ზღვის მარგალიტი-ბათუმი, ბიზნესისთვის და ვიზიტორთათვის ღიაა,“ – წერს პოპულარული საერთაშორისო გამოცემა Emerging Europe, რომლის ჟურნალისტიც მკითხველებს აჭარაში დასვენებისკენ მოუწოდებს. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რეგიონში ტურიზმი განახლებულიყო და ბათუმი პირველი „მწვანე ზონა“ ყოფილიყო საქართველოში.
ავიაკომპანია AirBaltic საქართველოს ზაფხულის სეზონის საუკეთესო მიმართულებად ასახელებს
"ძალიან ადვილია ამ ქვეყნის შეყვარება, რომლის მონახულებაც 1 ივლისიდან შესაძლებელი ხდება"
რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებზე საუბრობს „ფორბსიც“ – ” ბათუმი, აჭარა იქნება პირველი, სადაც ტურისტები შეძლებენ დასვენებას. აქ მათ ელოდებათ ზღვა, მთა, დაცული ტერიტორიები და ტურიზმის სხვადასხვა სახეობა, რომელიც ერთ რეგიონშია თავმოყრილი”.
ამასთან, მსგავსი შინაარსის სტატიები მეორე კვირაა ისრაელში, პოლონეთში, ლატვიასა და 10-მდე სამიზნე ქვეყნის მედიასაშუალებაში ქვეყნდება.
„თუკი აქამდე, ჩვენთვის პრიორიტეტული იყო წარმოგვეჩინა ჩვენი მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები და სერვისები, ახლა მთავარი აქცენტი უკვე უსაფრთხოებაზე კეთდება. პანდემიის შემდეგ ეტაპზე, მოგზაურებისთვის არსებულ პროდუქტებთან ერთად მთავარი სწორედ მათი უსაფრთხოება და ჯანმრთელობაა. ამ მხრივ კი ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვიამაყოთ,“ – აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე.