LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შავი ზღვის ფაქტორი: სიტყვიდან საქმეზე – ისე, როგორც არასდროს

195
ვიქტორ ყიფიანი

 

ვიქტორ ყიფიანი

„ჯეოქეისი“, თავმჯდომარე

 

ის, რაც უკვე ვიცით, გვსმენია..

 

შავი ზღვის ფაქტორი ჩვენი რეგიონის გეოპოლიტიკისა და უსაფრთხოების შესახებ ბოლო წლების საუბრების ჩვეულ საკითხად იქცა. ეს აბსოლუტურად გასაგებია და თემის „გასტანდარტულებას“ დამატებითი დასაბუთება, თითქოსდა, არ სჭირდება.  თუმცა, რაც არ უნდა ჩვეული და, მაშასადამე, სტანდარტულიც არ უნდა იყოს ხსენებული ფაქტორის მნიშვნელობის აღნიშვნა, მით უფრო არასტანდარტულია მისი სრული და დროული ამოქმედება საერთოდასავლური უსაფრთხოების კონფიგურაციაში შავი ზღვის დემოკრატიების სრულფასოვანი და სწრაფი ინტეგრირების მიზნით. უკრაინაში მიმდინარე ომმა კი შავი ზღვის პრაქტიკული სარგებლისა და დანიშნულების ირგვლივ მსჯელობას უსაგნო თეორიზების საფუძველი საბოლოოდ გამოაცალა და კონკრეტული, შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტების საჭიროება ურევერანსოდ გამოამზეურა.

ფაქტია, რომ რუსეთის ფედერაციის მცდელობა, ე.წ. წვდომისა და მანევრის შეზღუდვის სისტემების (anti-access anti-denial) დანერგვით შავი ზღვა საკუთარ ექსკლუზიურ ზონად, ერთგვარ რუსულ „შავი ზღვის კალინინგრადად“ აქციოს,  კიდევ უფრო გაუგებარს და საზიანოს ხდის, რომ ყოვლისმომცველი სტრატეგია შავი ზღვის დიდ რეგიონთან მიმართებით საქართველოსა დასავლელ პარტნიორებს  დღემდე არ აქვთ. უკრაინასა და მის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ისიც ფაქტია, რომ სათქმელი არა გაკვრით ან დაზეპირებული ფრაზებით, არამედ პირდაპირ უნდა ითქვას. პირდაპირ, ვინაიდან შავი ზღვის დიდ რეგიონში მკვეთრად გაუარესებული უსაფრთხოების გარემო კოლოკვიუმის რეჟიმში ზანტ საუბარს აბსურდულს ხდის და ქართული ეროვნული ინტერესების რეალური საფრთხეები, არაერთ სხვა საჭირბოროტო საკითხთან ერთად, საქმიან განხილვას მოითხოვს.

საქართველოსათვის შავი ზღვის, როგორც გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური დამაკავშირებელი ხიდის, მნიშვნელობის თაობაზე ეს პირველი სტატია როდია – შედარებით შორეულ და ახლო წარსულში ამ მხრივ არაერთგზის გვიმსჯელია სხვადასხვა ფორმატებში, მაგრამ ამა წლის 24 თებერვლიდან ევროპულ სივრცეში კარდინალური ტრანსფორმაციის პროცესის დაწყების შემდეგ, ეს პირველი საუბარია ჩვენი რეგიონის ამ უმნიშვნელოვანესი საწყლო არტერიის შესახებ; ხოლო უკრაინაში ომი, რომელიც შედეგითა და გავლენით უკრაინის ომზე გაცილებით მეტია, ისე როგორც ცივი ომის დასრულებიდან მოყოლებული შეცდომები და გადაცდომები, რომლებმაც ამ ომამდე მოგვიყვანა კიდეც, ასეთ საუბარში მაქსიმალურ ღიაობასა და პირდაპირობას განაპირობებს.

 

მეტი ალიანსი რეგიონში…

 

გასულ პერიოდში შავ ზღვაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლობა პოტენციალისა და რესურსის დეფიციტით აღინიშნებოდა – სავსებით სამართლიანად. ალიანსის პერიმეტრის აღმოსავლეთის ფლანგზე – ბალტიის ზღვიდან შავი ზღვის ჩათვლით – ამ უკმარისობის განცდას აშკარა ასიმეტრია თუ უთანასწორობა ამძაფრებდა. შედეგი შესატყვისი იყო და ჯერაც არის. სახელდობრ, შავ ზღვაზე ალიანსის ე.წ. „მოწინავე მორგებული განლაგებისა“ (tailored forward presence) და ბალტიისპირეთის ე.წ „მოწინავე გაძლიერებული განლაგების“ (enhanced forward presence) კომპონენტების უთანაბრობის ფონზე, ნატოს მიდგომა აუხსნელია, რადგან შავი ზღვის უსაფრთხოება დღეს მინიმუმ იმავე სტანდარტის დამოკიდებულებას საჭიროებს, როგორიც ალიანსის აღმოსავლეთის ფლანგის ჩრდილოეთის ნაწილის მიმართ არის.

მართალია, ალიანსის ამასწინანდელ საგანგებო სამიტზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დამატებითი კონტინგენტის განთავსების შესახებ, მაგრამ ეს მაინც არ უპასუხებს რამდენიმე უმთავრეს შეკითხვას:  როგორ იცვლება ან შეიძლება შეიცვალოს ძალთა ბალანსი შავ ზღვაზე? რამდენად უსაფრთხოდ შეიძლება იგრძნოს თავი საქართველომ და რა კონკრეტული ღონისძიებების ხარჯზე? რა არის ის პრაქტიკული ნაბიჯები, რომელთა შედეგად ქართული საზოგადოება მეტად დარწმუნებული იქნება, რომ საფრთხეებმა იკლო, ხოლო შესაძლო განსაცდელის ჟამს დასავლური ერთობა მას ქმედით და მყისიერ მხარდაჭერას აღმოუჩენს?

ეს და სხვა ანალოგიური შეკითხვები მით უფრო აქტუალურია, თუკი ალიანსის აღმოსავლეთისაკენ შემდგომი გაფართოების იმ სირთულეებს გავიხსენებთ, რომლებიც უკრაინაში ომმა და სამომლაპარაკებლო პროცესმა კიდევ უფრო გააშიშვლა. პრობლემას საგანგებო აქტუალურობას სძენს ისიც, რომ ნატოს კოლექტიური უსაფრთხოების ქოლგის არარსებობის პირობებში, არცერთი მხრიდან არ გვესმის ალიანსში სწრაფი გაწევრების გადავადების სანაცვლოდ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის სხვა, არანაკლებ ეფექტიანი, ე.წ. „საკომპენსაციო მოდელების“ შესახებ. უკრაინაში კი აგრესია გრძელდება, ხოლო თუკი რუსულ რიტორიკას ყურს დავუგდებთ, რევიზიონიზმი უხეში ძალის გამოყენებით უკრაინაზე გაჩერებას არ აპირებს.

სამართლიანობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ ერთიანი დასავლური ხედვის დღემდე ჩამოუყალიბებლობა ობიექტური გარემოებებითაც შეიძლება აიხსნას. კერძოდ, შეგვიძლია შავი ზღვისა და შავიზღვისპირეთის პოლიტიკის „ფრაგმენტაცია“ საკუთრივ რეგიონში არსებულ არაერთ ისტორიულ-გეოგრაფიულ და საგარეო-გეოპოლიტიკურ შრეს მივაწეროთ, კერძოდ: რუმინეთისა და ბულგარეთის, შედარებით განკერძოებას; საქართველოსა და უკრაინის საერთო „პოსტსაბჭოური“ წარსულით განპირობებულ მძიმე აწმყოს; თურქეთის დამოკიდებულებაში თურქულად „განყენებულ სპეციფიკურობას“ რეგიონალური პროცესების მიმართ და სხვ.

რა თქმა უნდა, ასეთმა გეოპოლიფონიამ არანაკლებ დააბრკოლა ხსენებული სტრატეგიული ხედვის აღმოცენება. ამავდროულად, ფაქტია ისიც, რომ არსებული გამოწვევები მოსაბოდიშებლად წარსულისაკენ გახედვას უკვე ვერ ამართლებს, ხოლო სამომავლო რისკები კი ქართველ და დასავლელ ლიდერებს მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად „მძიმე დაშვებისაკენ“ უბიძგებს. ხოლო რეგიონში შექმნილ ვითარებას თუ რაიმე დადებითი შეიძლება მოეძებნოს, ეს   სწორედ რომ მისი ის ეფექტია, რომლის თანახმადაც მას პროცესების საჭირო დინებითა და ტემპით გალვანიზება შეუძლია.

 

შავიზღვისპირა ქვეყნების „კონსოლიდირება“

 

აღმოსავლეთისა და დასავლეთის გეოკვეთაში მოქცეული შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისათვის ბალანსირების ზოგჯერ წარმატებული, ზოგჯერ კი წარუმატებელი პოლიტიკა ისტორიულად არახალია. თუმცა მე-20 საუკუნემ და ცივი ომის შემდგომმა პერიოდმა სწორი და გონივრული ბალანსირებისათვის, რომელიც, უპირველესად, საფრთხეების აცილებას ან მათ მინიმიზებას მოიაზრებს, საამისოდ საჭირო ცოდნისა და უნარის მწვავე უკმარისობა წარმოაჩინა. ეს კი განსაკუთრებულად დიდ გამოწვევად იქცა იმ ქვეყნებისათვის – მათ შორის, საქართველოსათვის – რომლებსაც თავიანთი ცივილიზაციური არჩევანის რეალიზება რეგიონში სამეზობლოდან მომდინარე საფრთხეებთან გამკლავების პარალელურად მოუწიათ და უწევთ. ბალანსირება და, ამავდროულად, დასახული მიზნისაკენ სვლა მით უფრო გართულდა ვითარებაში, როდესაც რეგიონში საერთაშორისო ნორმებმა ასპარეზი დაუფარავ აგრესიას დაუთმო და გავლენათა სფეროების გადასანაწილებლად საზღვრებისა  და სუვერენიტეტის „წესების გარეშე“ ხელყოფა ღიად დაუპირისპირდა „წესების დაცვით“ შეკავებას. ყოველივე ამან „უწესო“ ბრძოლის ტაქტიკასთან „წესიერების“ უსწრაფესად და ადეკვატურად მისადაგების გარდაუვალი აუცილებლობა შექმნა.

ეს თემა მრავალ შრეში იშლება და მისი ცალკეული ასპექტები წარსულში სხვადასხვა პუბლიკაციაში არაერთგზის განვიხილეთ. ამჯერად მხოლოდ ორიოდეზე გავაკეთებთ აქცენტს, რაც შავი ზღვის დიდ რეგიონს ახალი მსოფლიო წესრიგის/უწესრიგობის ე.წ. „რეგიონალური დაქსელვის“ (regional hub-and-spoke) სტრუქტურაში უკეთ გამოკვეთს. აღსანიშნავია ისიც, რომ გლობალურ სისტემაში შავი ზღვის დიდი რეგიონის ახალ გრავიტაციულ ცენტრად ჩამოყალიბება მხოლოდ სტრატეგიული მოკავშირეებისა თუ პარტნიორების ძალისხმევით ვერ მოხდება: ამ სამუშაოს დიდი ნაწილი, უპირველესად, რეგიონის ქვეყნების მიერ, მათი ლიდერების მიერ არის შესასრულებელი, საზოგადოებების თანადგომითა და მონაწილეობით.

არსებითია ისიც, რომ შავი ზღვის ჯანსაღ რეგიონალურ საწყისებზე ამგვარი „თავისუფალი ერთობა“ დროთა განმავლობაში რეგიონს ერთი მეტად არსებითი სტერეოტიპის გარდატეხაში დაეხმარება: დასრულდეს რეგიონის ასოცირება კონფლიქტებთან, ნგრევასა და დაპირისპირებებთან და სანაცვლოდ, გადაეწყოს და თანდათანობით დაუკავშირდეს განვითარებას, სტაბილურობასა და მშვიდობას. ამ მეტად რთულ და არცთუ ხანმოკლე პროცესში, აღნიშნული პლატფორმა არსებულ და შესაძლო გამოწვევებთან სათანადოდ უნდა იყოს მორგებული და გამოირჩეოდეს მულტილატერალური (მრავალმხრივი) მიდგომების ელასტიკურობითა და მობილურობით. ამასთანავე, შავი ზღვის დეკლარაცია აქცენტირებულად გამოკვეთდა როგორც შავი ზღვის რეგიონის სახელმწიფოთა ინტერესების ერთობას, ისე კოლექტიური დასავლეთის ურყევ და შეუქცევად დაინტერესებას რეგიონით. შედეგად, შავი ზღვის რეგიონალურ ერთობას, მის პერსპექტიულობასა და კონკურენტუნარიანობას განახლებული პრინციპები – modus operandi-სი განსაზღვრავდა.

შედარებით მეტი კონკრეტიკისათვის, შავი ზღვის დიდი რეგიონის თავისუფალი ერების კონსოლიდირება, ჩვენი აზრით, ორ მთავარ მაგისტრალზე გადის: ერთი მათგანია საერთო რეგიონალური ინტერესების მეტი სინერგიისა და უკეთ კოორდინირებისაკენ მიმართული პოლიტიკა, მეორე – თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ახალი მექანიზმების ამოქმედება.

 

რეგიონში მეტი კოორდინაციისათვის

 

კვლავ გვინდა წამოვწიოთ შავი ზღვის დეკლარაციის ჩარჩო დოკუმენტის ინიციატივა, რომელიც რეგიონის ქვეყნების პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას, მათ შორის ახალი საკომუნიკაციო არხების დროსა და საჭიროებაზე მორგებულ თანამედროვე საკონსულტაციო ფორმატს მოემსახურებოდა.

ასეთი დეკლარაცია გამოკვეთს მსოფლიო და რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობისთვის შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობას. რიგი აქტუალური თემების გასწვრივ, ასეთი დეკლარაცია: (1) ხაზგასმით მიუთითებს რეგიონალური უსაფრთხოებისათვის მხარეთა პარტნიორობას; (2) განიხილავს რეგიონს, როგორც მავნე გავლენებისა და „განსაკუთრებული ინტერესის ზონებისაგან“ თავისუფალ არეალს; (3) გამოკვეთს რეგიონალური ინფრასტრუქტურის დივერსიფიკაციის მიზნით სახსრების მობილიზაციის აუცილებლობას, ისე როგორც რეგიონში სოციალური და ეკოლოგიურად მდგრადი პროექტების განხორციელების საჭიროებას; (4) აღნიშნავს გაყინულ ე.წ. ეთნიკურ, მაგრამ რეალურად გეოპოლიტიკურ კონფლიქტებს, ასევე გამოხატავს მხარდაჭერას შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ; (5) უზრუნველყოფს პლატფორმას რეგიონალური უსაფრთხოების აქტუალური საკითხების, მაგალითად, ტერორიზმსა და უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებული გამოწვევების განსახილველად; (6) დასახავს რეგიონალური მასშტაბის თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებებისა და ბლოკებისაკენ მიმართულებებს.

ამავდროულად, საჭირო კოორდინაციის უზრუნველსაყოფად გასააზრებელია მაღალი რანგის რეგულარული სამიტების გამართვა დეკლარაციის წევრი სახელმწიფოთა მეთაურების, აშშ, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის და სხვა სტრატეგიულ პარტნიორთა მაღალი რანგის წარმომადგენელთა დონეზე. რეგულარული სამიტების მთავარი დანიშნულება რეგიონის ქვეყნების დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაა; სამიტის მონაწილეების განხილვის საგნად ასევე უნდა იქცეს რეგიონში რეალურად გეოპოლიტიკური (და არა ე.წ. „ეთნიკური“) კონფლიქტების, ზოგადად რეგიონალური უსაფრთხოების, საერთაშორისო ტერორიზმის, კიბერუსაფრთხოების, უკანონო მიგრაციისა და სხვა აქტუალური საკითხები და გამოწვევები.

როგორც ვახსენეთ, აუცილებელი რიგის ამოცანად მივიჩნევთ დეკლარანტების ყურადღების გამახვილებას რეგიონში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის აუცილებლობაზე. ერთ-ერთ კონკრეტულ ინიციატივად მოვიაზრებდით მსხვილი რეგიონალური პროექტის დეკლარაციით დაანონსებას, ვთქვათ, „შავი ზღვის კეთილდღეობის (განვითარების) სარტყელის“ სახელწოდებით. პროექტის მიზნებში მოექცეოდა საფინანსო რესურსის მობილიზება რეგიონალური ინფრასტრუქტურის განსავითარებლად, გარკვეულ ენერგოწყაროებზე დამოკიდებულების შემცირება, სოციალური ხასიათისა და გარემოსდაცვითი მიზნობრივი პროგრამების რეალიზება და ა.შ.

ეკონომიკური მედეგობის თვალსაზრისით შესასწავლია „სამი ზღვის“ პროექტის თავისებურებები შავ ზღვაზე ერთგვარი პროეცირების მიზნით. ბუნებრივია, რომ ჩვენს რეგიონს ბალტიის ზღვის რეგიონისაგან განსხვავებული სპეციფიკა აქვს. თუმცა, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის ორგანული ურთიერთკავშირის გათვალისწინებით, მეტი ყურადღება უნდა მიექცეს შავი ზღვის რეგიონზე გამავალი ენერგეტიკული და სატრანსპორტო მარშრუტების გათანამედროვებას, საამისოდ აუცილებელი ინფრასტრუქტურის – მათ შორის, ციფრულის ჩათვლით – შექმნაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამხედრო ალიანსებსა და სხვა კავშირებზე საუბარი ვერ იქნება საკმარისი რეგიონალური სტაბილურობისა და გლობალურად ნამდვილი კონკურენტუნარიანობისათვის.

 

რეგიონში მეტი უსაფრთხოებისათვის

 

სტატიის დასაწყისში რეგიონალური უსაფრთხოების სისტემური ხარვეზის მხოლოდ ერთი კონკრეტული, ნატოსთან დაკავშირებული ასპექტი ვახსენეთ. რა თქმა უნდა, არის სხვა ასპექტებიც.

ნებისმიერ შემთხვევაში, ამა თუ იმ უსაფრთხოების რეგიონზე მორგების მთავარი გზავნილი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეებისა და პარტნიორებისათვის ეჭვის გაქარწყლებაა, რომელიც რეგიონის „პერიფერიულობასა“ თუ მის „მეორეხარისხოვან სტატუსს“ უკავშირდება. ხოლო საქართველოს შავი ზღვის პარადიგმა სწორედ ისაა, რომ რეგიონი ჩვენთვის ერთდროულად არის ეროვნული განვითარების პოტენციალიცა და საფრთხეების წყაროც. ეს უჩვეულო განტოლება ქვეყნის ორ მსხვილ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ფორმაციას შორის მეგაკონფლიქტურ ზონაში მდებარეობით აიხსნება. ამ საპასუხისმგებლო საქმეში ქართული სახელმწიფო და პოლიტიკური წრეები „რეალიზმით“ უნდა აღიჭურვონ. წარსულს ბარდება გეოპოლიტიკაში „სიყვარულისა“ და „სიძულვილის“ დრო, მათ „საჭიროება“, „აუცილებლობა“, „საკუთარ თავზე მორგება“ და „გამოყენება“ ჩაანაცვლებენ და უკვე ანაცვლებენ.

გეოპოლიტიკური „გემოვნებისა“ და ხედვის პარადიგმის ცვლილებებთან ერთად დროთა განმავლობაში იცვლება უსაფრთხოების სფეროს ქცევის წესები და კონსტრუქციები. ასეთ ძირეულ ცვლილებებს შორის ერთ-ერთია ვიწრო ფორმატის ორმხრივობასა და მსხვილ ალიანსებს შორის ერთგვარად შუალედური – რამდენიმე მხარის მონაწილეობით აღმოცენებული კომპაქტური გაერთიანებები (თანამედროვე ტერმინით – კლასტერები), რომლებიც მონაწილე ქვეყნებს დასახული მიზნის მისაღწევად გაუმჯობესებულ მობილურობასა და რესურსების ოპტიმალურ გამოყენებას სთავაზობს. არცთუ იშვიათად, მსგავს გაერთიანებებს „მცირე ნატოს“ უწოდებენ, თუმცა, გარკვეულწილად, ეს შედარება მართებული მაინც არ არის.

ნებისმიერ შემთხვევაში, ქართული სახელისუფლო, სპეციალიზებული და ანალიტიკური წრეებისათვის ზემოაღნიშნული მიმდინარეობა პრაქტიკული ინტერესის საგანია. ამ მიმართულებით კვლევა და მოდელირება შესაძლოა დიდი ხნის წინათ დამკვიდრებულ უსაფრთხოების მოდელებსა თუ მიდგომებში არსებული ხარვეზების – ზოგიერთ შემთხვევაში კი ანაქრონიზმების – აღმოფხვრაში დაგვეხმაროს: ქართული სახელმწიფოებრიობისათვის აუცილებელი მხარდაჭერის მაქსიმალურად, რეალურად, საქმით და არა სიტყვით მიღებაში.

რეალურად, ხსენებული „კლასტერული“ (ე.წ. „მცირე ნატოს“) სისტემის არსი მონაწილე ქვეყნების ფაქტობრივი და არა დეკლარაციული ინტერესების თანხვედრა და ურთიერთგადაფარვაა. ამგვარი თანხვედრა შესაძლოა თანამშრომლობის რამდენიმე სფეროდან უფრო ფართო დღის წესრიგზე გადიოდეს. შესაბამისად, რეალურად ეფექტიან უსაფრთხოებას სწორედ იდეალიზმისაგან გათავისუფლებული ის „კლასტერები“ უზრუნველყოფენ, რომელშიც ქვეყნები ბუნებრივად ერთიანდებიან.

კონკრეტული მაგალითის სახით დავასახელებთ წყნარ ოკეანეში „ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგის“ (QUAD) გაერთიანებას, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია, ავსტრალია და ინდოეთი მონაწილეობს. ეს პროექტი ჩვენთვის საგულისხმოა იმდენად, რამდენადაც ძალზე პრაქტიკულ მასალას გვთავაზობს ამ სტატიაში გაშლილი თემის ირგვლივ სამსჯელოდ. ასევე მეტად საინტერესო პრეცედენტია შედარებით მოგვიანებით შექმნილი AUKUS-ს გაერთიანება. ერთი სიტყვით, უსაფრთხოების რეგიონალური ნიშნით დაქსელვის პროცესი წამოწყებულია. ისიც ფაქტია, რომ ჩვენი ქვეყნისათვის მეტი გარანტიების შექმნის მიზნით ნატოში გაწევრება მკაფიო ვადებსა და უმოკლესი პროცედურების განსაზღვრას მოითხოვს,  მაგრამ ამ მხრივ სურათი ჯერჯერობით არადამაკმაყოფილებელია.

აგრეთვე, ერთგვარ „სათადარიგო“ ვარიანტად მოვიაზრებდით მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან თავდაცვისა და უსაფრთხოების დარგში სტრატეგიულ სახელშეკრულებო მოკავშირეობაზე გადასვლის განხილვას. მისი ალბათობა, ისე როგორც „ექსპერიმენტულობა“, შავი ზღვის რეგიონალური კონტექსტის გათვალისწინებით, რამდენიმე წინა პუბლიკაციაში მიმოვიხილეთ. აღსანიშნავია, რომ ეს ვარიანტიც ნატოში გაწევრების გაჭიანურების ან სულაც განუსაზღვრელი დროით გადადების პირობებში ქართული უსაფრთხოების ამაღლების ერთ-ერთ ქმედით „საკომპენსაციო მოდელად“ შეიძლება მივიჩნიოთ.

 

ტრენდები, ტენდენციები…

 

შავ ზღვაზე უსაფრთხოების ამა თუ იმ მოდელის პერსპექტიულობა, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა შეფასდეს რეგიონში მიმდინარე და გლობალური პროცესების კონტექსტში. ამ სტატიის მიზანი არც არის და ვერც იქნება შავი ზღვის დიდ რეგიონთან დაკავშირებული ყველა მოვლენისა თუ გარემოების განხილვა, თუმცა რამდენიმე მათგანს აუცილებლად ვახსენებდით.

იმ პირობით, თუკი ვთანხმდებით, რომ შავ ზღვაზე მყარი და ქმედითი რეგიონალური უსაფრთხოებისათვის საქართველოს აუცილებლად სჭირდება აშშ-ს სახით სტრატეგიული მოკავშირის ჩართულობა, მაშინ თანაბრად აუცილებელია ვიცოდეთ, როგორ ხედავს იგი მსოფლიოში ძალთა ამჟამინდელ განლაგებასა და შესაბამის აქცენტებს. აშშ-ს ეროვნული თავდაცვის სტრატეგია ამ მიზნით გარკვეული დასკვნების გასაკეთებლად სასარგებლო წყაროა.

ბოლო ვერსია 2018 წლით თარიღდება და იგი, რუსეთის ხაზგასმით ხსენებასთან ერთად, მეტწილად მაინც ჩინეთზეა ფოკუსირებული. აღსანიშნავია ისიც, რომ სტრატეგიაში ნაკლებად არის აქცენტირებული ე.წ. ლოკალური ომისა თუ აჯანყების საწინააღმდეგო სამხედრო ოპერაციები და ძირითადი ყურადღება დიდ სახელმწიფოთა შორის კონკურენციასა და დაპირისპირებაზე არის გადატანილი. ცხადია, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები აშშ-ს ეროვნული თავდაცვის მომავალ  სტრატეგიაში კორექტივს შეიტანს და მას უფრო „ევროპაცენტრულს“ გახდის. აზიასა და ევროპას შორის აქცენტების ახლებური გადანაწილება, წესით, უშუალოდ იმოქმედებს ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტსა და ჯარების ლოგისტიკასა და განლაგებაზე. ფაქტია, რომ აშშ-ს პრიორიტეტების მიხედვით სამხედრო რესურსის ამგვარი დანაწილება ლოგიკური პასუხია იმ საფრთხისა, რომელიც ამა წლის 24 თებერვლიდან მოყოლებული ევროპაში ახლად იშვა.

აქ უკვე ვისაუბრეთ იმ განსაკუთრებულ როლზე, რომელსაც რუსეთის ფედერაცია შავ ზღვას ანიჭებს და რუსულ მცდელობას, აქციოს იგი თავის „შიდა ზღვად“. შესაბამისად – და ამაზეც არაერთგზის ითქვა – ჯერი უსაფრთხოების დასავლურ სისტემასა და რეგიონში მისი საქმით და არა სიტყვით ეფექტიან ფეხმოკიდებაზეა. რეალურად თუ ვისაუბრებთ, ამ ეტაპისათვის შავი ზღვის რეგიონი ევრაზიის უსაფრთხოების კონტექსტის განუყოფელი მდგენელია, რამეთუ იგი ერთდროულად უკავშირდება როგორც ევროპას, ისე ახლო აღმოსავლეთსა და აზიას. ფაქტია ისიც, რომ შავი ზღვის რეგიონში იმავე ალიანსის ინტერესებისათვის ორი „ჩამკეტი“ ინფრასტრუქტურა – ერთი რუმინეთში, ხოლო მეორე თურქეთში – ჯერ კიდევ უკრაინაში ომის დაწყებამდეც ვერ უპასუხებდა იმჟამად არსებულ მოთხოვნას.

ამდენად, უკრაინაში მიმდინარე ომის, ისე როგორც მთლიანად პოსტსაბჭოური სივრცის გეოპოლიტიკურ ბედზე საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბების პარალელურად, რამდენიმე აუცილებელი სამუშაო მიმართულება უკვე ისახება. მათი ჩამონათვალი, რა თქმა უნდა, მეტ სისტემატიზაციას მოითხოვს, თუმცა უკვე ამთავითვე შესაძლებელია მოინიშნოს შავი ზღვის შესაბამის ქვეყნებს შორის სადაზვერვო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, მოწყვლადი ქვეყნების შეიარაღებული ძალების განმტკიცება შესატყვისი შეიარაღების მიწოდებისა და წვრთნების გზით, ჰიბრიდული რისკების გასანეიტრალებლად შესაბამისი ეროვნული კადრების მომზადება და სპეციალიზებული ცენტრების დაფუძნება. აღნიშნულსა და შავ ზღვაზე „მოწინავე გაძლიერებულ განლაგებასთან“ ერთად, უკეთ კოორდინირებისათვის ლოგიკური იქნება რეგიონალური სამეთაურო ცენტრის შექმნა. დასავლეთის მხრიდან ეს და სხვა შესაძლო კონკრეტული ნაბიჯები შავი ზღვის რეგიონის რეალური აღიარებისა და რეგიონის ქვეყნების მიმართ ფაქტობრივი მხარდაჭერის შინაარსს შეიძენს. პოლიტიკური გზავნილიც მკაფიო და გასაგები იქნება: ერთიანი კონსოლიდირებული ფლანგი საერთო საფრთხეების წინაშე.

 

სიცხადის მოლოდინში

 

პრაქტიკულად უდავოა, რომ უკრაინის ომი ევროპაში ახალი „რკინის ფარდის“ დაშვებასა და ხელახალი გამყოფი ხაზების გავლებას განაპირობებს. ამ მოცემულობამდე მიმავალ გზაზე ქართული პრიორიტეტი კვლავ ის არის, რომ რამდენადაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელია, საქართველოზე საუბარი არ წარიმართოს ჩვენ გარეშე, რომ საქართველოს ბედი არ წყდებოდეს ჩვენი მონაწილეობისა და თბილისის აზრის მოკითხვის გარეშე. შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით, ეს ურთულესი, მაგრამ აუცილებელი და… რამენაირად მისაღწევი ამოცანაა.

შექმნილი გაურკვევლობის ფონზე, რომელსაც უკრაინის ირგვლივ მიმდინარე პოლიტიკური კონტაქტები კიდევ უფრო ამძაფრებს, ოფიციალურმა თბილისმა უნდა იპოვოს ძალა და რესურსი, რომ დიდი ძალების გადაწყობის შედეგად მისთვის უსიამოვნო ფაქტის წინაშე არ აღმოჩნდეს. თანამედროვე პოლიტიკის ქმნას კეკლუცობა და თვალთმაქცობა, მგონი, საბოლოოდ ჩამოშორდა და ჩვენც არ უნდა გვერიდებოდეს ვკითხოთ, ვიკითხოთ და მოვიკითხოთ, რადგან საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ცივილიზებული ქცევის წესების შესახებ რიტორიკა, მართალია, მოსასმენად  სასიამოვნოა, მაგრამ დღეს იგი მხოლოდ უვიცი და უნებისყოფო აუდიტორიისთვისაა განკუთვნილი. ჩვენ, საბედნიეროდ, არც ერთი ვართ და არც მეორე, ამიტომ, ვითხოვთ და მოვითხოვთ მეტ დეტალებსა და კონკრეტიკას. ქართული საჯარო და საზოგადოებრივი სფერო, საერთო ეროვნული ძალისხმევით გაერთიანებული, დღეს სწორედ იმისაკენ უნდა იყოს მიმართული, რომ საქართველოს აწმყოსა და მომავლის ბერკეტები ქართულ მხარეს სრულად არ გამოეცალოს, არ მოხდეს ქვეყნიდან მისი სრულად „გატანა“, ხოლო ქართული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდენტობის მომდევნო ათწლეულებში შენარჩუნება-განვითარების მიზნით, ჩვენს ხელთ არსებული მოკრძალებული საშუალებებით მაქსიმალური ეფექტიანობით ვისარგებლოთ.