„შეუძლებელია პარტიაში იყო და მუდმივად იყო კონფრონტაციის რეჟიმში, პრობლემა ზუსტად იმაში, რომ ჩვენ არ ვიცით, რა უნდათ“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დიმიტრი შაშკინმა ტვ „პირველის“ გადაცემაში „რეაქცია“, პარტიაში მიმდინარე პროცესებზე საუბრის დროს განაცხადა.
როგორც შაშკინმა აღნიშნა, მისი და პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მისამართით უამრავი შეურაცხმყოფელი განცხადება გაკეთდა, არა მხოლოდ მმართველი პარტიის, არამედ მათი კოლეგების მხრიდანაც:
„როდესაც ჩვენი რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელები გვიკავშირდებიან, ერთსა და იმავე კითხვას სვამენ, ბაჩო დოლიძე, სხვა ახალგაზრდები, აკრიტიკებენ პარტიის ახალ თავმჯდომარეს, ახალ მენეჯმენტს და რა უნდათ?
როგორც ლევან ხაბეიშვილი, ასევე მე და ჩვენი ყველა კოლეგა საჯარო პოლიტიკის მომხრეები ვართ, ზუსტად ამიტომ, ლევან ხაბეიშვილმა დღეს მიმართა ამ ჯგუფს და სთხოვა, გაგვაგებინეთ, რა გინდათ? გვითხარით თქვენი წინადადება..
პოლიტსაბჭოს შემადგენლობის მხოლოდ ერთი მესამედია არჩეული, ორჯერ მეტი ასარჩევი გვყავს, თუ ამ ადამიანთა ჯგუფს ეს წესი არ მოსწონთ, ლევან ხაბეიშვილმა დღეს მათ მიმართა: აგვიხსენით, რა გინდათ, რომ ვუთხრათ იმ 63 რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, რომელზედაც ეს პარტია დგას.
ჩვენ გვყავს საერთო მტერი და ჩვენი პარტია ფასეულობების გარშემოა შექმნილი. ენმ არის ძალიან ძლიერი ორგანიზმი, რომელმაც 10-11 წლიან რეპრესიებს გაუძლო.
რაც შეეხება ბრალდებებს, უამრავი შეურაცხყოფა იყო ლევან ხაბეიშვილის მიმართ, ჩემ მიმართ, მე დინოზავრს მეძახდნენ, ათას სიბინძურეს.
რასაც „რუსული ოცნების“ წარმომადგენლები კადრულობდნენ, მაგალითად, ჩემ მიმართ, იმავეს კადრულობდა ზოგი ჩემი კოლეგა ჩემ მიმართ, მაგრამ არჩევნები დასრულდა და მე ეს დამავიწყდა. ზუსტად ასევე, ეს ყველაფერი დაავიწყდა ლევან ხაბეიშვილს – იმავე დღეს შესთავაზა თანამშრომლობა“, – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.