LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,შარშან შვიდჯერ მოგვიწია ნაძვის ხის ახლიდან მორთვა, წელს გადავწყვიტე, ძალიან კლასიკური, ანგელოზებით მორთული ნაძვის ხე მქონდეს” – ნუკი კოშკელიშვილი

372
nukiardaidardo

ყოველ სამშაბათს, 22:00 საათზე  „რუსთავი 2“- ის ეთერში,  პროექტის  „ნიჭიერი“ მეათე საიუბილეო სეზონი მიმდინარეობს, ყოველ ხუთშაბათს 17:00 საათზე კი რადიო „არ დაიდარდო, ნიჭიერის მონაწილეებს მასპინძლობს. „ნიჭიერის“ დღიურების სტუმარია გადაცემის წამყვანი, ტელესახე ნუკი კოშკელიშვილი.

-ნუკი, მადლობა სტუმრობისათვის. რას გვეტყვი ზოგადად „ნიჭიერის“ შესახებ?

„ნიჭიერი“ ჩემი უსაყვარლესი შოუა არა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მე მიმყავს, არამედ მას შემდეგ, რაც პირველად გავიგე მის შესახებ. ვერ აღვწერ როგორი ემოციები მეუფლება, როდესაც ინტროს ხმა მესმის და ვიცი, რომ მალე სცენაზე საოცრებები მოხდება. „ნიჭიერი“ სრულიად გამორჩეული, მრავალფეროვანი შოუა. არ არის აუცილებელი, რომ მაინცდამაინც მღეროდე ან ცეკვავდე, რათა მაყურებლის სიყვარული და პოპულარობა მოიპოვო. შეიძლება „ნიჭიერში“ სრულიად გამორჩეული, უნიკალური უნარითაც გაიმარჯვოს ადამიანმა, რაც ჩემი აზრით ძალიან საინტერესოა. ეს პროექტი ადამიანებს საშუალებას აძლევს, სრულიად შეცვალონ თავისი ცხოვრება და არნახულ წარმატებას მიაღწიონ. ამის მაგალითი არაერთია როგორც მსოფლიოში, ასევე ჩვენთანაც.

 -როგორი იყო თქვენი რეაქცია, როდესაც გაიგეთ, რომ „ნიჭიერს“ წაიყვანდით?

ვერ აღვწერ, როგორ გამიხარდა. ძალიან დიდი ხანია მინდოდა „ნიჭიერის წაყვანა, თუმცა პროდიუსერებისათვის ჩემი კანდიდატურა არასოდეს შემითავაზებია. ხანდახან თანამშრომლებთან კი აღმინიშნავს, რომ სიამოვნებით ვიმუშავებდი ამ მეგაპროექტზე, მაგრამ არავისთვის მითხოვია, რომ ჩემი კანდიდატურა განეხილათ. აქამდე ვერასოდეს ვერ მოხერხდა, რომ ამაზე საუბარი ყოფილიყო. ეს ალბათ პირველ რიგში იმის ბრალია, რომ მე არ ვიყავი მზად, არ მქონდა საკმარისი დრო, რომ ეს პასუხისმგებლობა ამეღო ჩემს თავზე. თანაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ დიდ დროს ვატარებდი. სიმართლე რომ ითქვას, ეს ახლაც ასეა(იცინის). აგვისტოში ვაპირებდი გაფრენას აშშ-ში, მაგრამ დამირეკეს და მითხრეს, რომ „ნიჭიერი“ უნდა წამეყვანა. ბილეთები მაშინვე გადავცვალე, ჩემმა მეუღლემ ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოიჩინა ჩემს მიმართ. დავურეკე და პირდაპირ ვუთხარი, რომ „ნიჭიერის” წაყვანა შემომთავაზეს, მან კი მაშინვე მითხრა, რას ელოდები, ბილეთები გადაცვალეო. (იცინის)

-ალბათ „ნიჭიერში“ ფავორიტები გყავთ ხომ?

რასაკვირველია, ყველას ჰყავს თავისი ფავორიტები, მათ შორის მეც. ცხადია მათ არ დავასახელებ, მარტო იმას გეტყვით, რომ ჩემი ფავორიტები პირველ ნახევარფინალში არ ყოფილან და შესაბამისად, ჯერ არ გამოსულან. ზოგადად, წელს ძალიან საინტერესო და დაძაბული სეზონია, ვერავისზე იტყვი, რომ აი კარგად მღერის და მოიგებს. მე-10, საიუბილეო სეზონია და ყველა ეცადა, რომ საუკეთესო გამოსულიყო. მართლაც ძალიან ძლიერი ნაკადია, არიან ძალიან კარგი მომღერლები, მოცეკვავეები, ილუზიონისტები… ნიჭის ნამდვილი დღესასწაულია, მრავალფეროვნება და წინ სუპერ-შოუ გელით.

-როგორ შეეწყვეთ თქვენს თანაწამყვანს, როგორი პარტნიორია ბახუტა?

სუპერ-პარტნიორია. აქამდეც მყოლია ძალიან კარგი პარტნიორები, მაგრამ გიორგისავით ვერავინ მაცინებდა და მაცეკვებდა გადაცემების დროს. ზოგადად ძალიან ნიჭიერია და სულ ცდილობს, რომ გამახალისოს. ერთ საათში შეუძლია ცეკვა ისწავლოს და უკეთესად იცეკვოს, ვიდრე მე ვიზამდი ამას ერთკვირიანი რეპეტიციების შემდეგ. არის ძალიან არტისტული და ნიჭიერი, ძალიან აქტიური ადამიანია და ძალიან გულშემატკივრობს მონაწილეებს, განსაკუთრებით ბავშვებს. მუდმივად ამხნევებს მათ, მუდმივად ცდილობს ხასიათზე მოიყვანოს ყველა…

 -გავაგრძელოთ საუბარი პროექტის შესახებ…

ახლა მთლიანად „ნიჭიერზე“ ვარ კონცენტრირებული. პირველი ნახევარფინალი უკვე გვქონდა, რომელიც საოცარი გამოვიდა. ამის გარდა იქნება კიდევ ორი ნახევარფინალი და შემდეგ ფინალი. საინტერესოა, რომ მაყურებელს მომდევნო ეტაპზე მხოლოდ ერთი მონაწილე გადაჰყავს, ჟიურის კი ორი. წინ უფრო საინტერესო და დაძაბული, მაგრამ რაც მთავარია საოცარი სანახაობა გველის. 31 დეკემბერს ეთერში ვიქნებით, ამ დღეს ფინალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ-ერთი მონაწილის ცხოვრება სამუდამოდ შეიცვლება.

 -რაკი ახალი წელი ახსენეთ, არ შემიძლია არ გკითხოთ საახალწლო სამზადისის შესახებ. ასევე საინტერესოა ოჯახში თუ მისდევთ წინასაახალწლო ტრადიციებს…

ოჯახში ახალი წელი ძალიან გვიყვარს და ტრადიციებს ზედმიწევნით ვიცავთ, ნაძვის ხის მორთვა ჩვენთვის მნიშვნელოვანი რიტუალია. მას, როგორც წესი პირველ დეკემბერს ვრთავთ იმ ინფორმაციის შესაბამისად, რაც არსებობს ასტროლოგების მხრიდან. შარშან ამის გამო შვიდჯერ მოგვიწია ნაძვის ხის ახლიდან მორთვა, შესაბამის ფერებში (იცინის). ვფიქრობ, წელსაც იგივე ბედი გველის, რადგან ბოლო ინფორმაციის მიხედვით, ნაძვის ხე იასამნისფერში უნდა იყოს მორთული, მე კი ამ ფერის არაფერი მაქვს. ნაძვის ხე ერთი გვაქვს უკვე წლებია, თუმცა დეკორაციებს და სათამაშოებს ყოველ წელს ვუცვლით. წელს გადავწყვიტე, რომ ძალიან კლასიკური, ანგელოზებით მორთული ნაძვის ხე მქონდეს…

-საახალწლო სუფრაზე რას იტყვით, მზარეულობა გეხერხებათ?

სამწუხაროდ არა, ოჯახში მზარეული ბენია, თუმცა მე ჭამა გამომდის შესანიშნავად (იცინის). ერთადერთი, რასაც მართლა კარგად ვაკეთებ, გოზინაყია. შემიძლია ჩემეული რეცეპტიც გაგანდოთ: ნიგოზი მსხვილად დავჭრათ, მოვხალოთ ღუმელში, გადმოვიტანოთ ტაფაზე, დავამატოთ თაფლი, ერთი ჩაის კოვზი წყალი და ამდენივე შაქარი, შემდეგ კი ვურიოთ სანამ ერთიან ,მასად შეიკვრება. უგემრიელესი გამოდის.

-მეკვლის ტრადიციაზე რას გვეტყვით, ამისი გჯერათ?

-რა თქმა უნდა, ამიტომ ჩვენთან სახლში მეკვლე როგორც წესი, ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრია ხოლმე. აქამდე ჩემი და იყო ხოლმე მეკვლე, ახლა ჩემი შვილია.

 -თქვენი მეუღლე, ბენი აქეთ შეხვდება ახალ წელს?

-სამწუხაროდ ვერა, თუმცა რატომღაც მათთვის ახალი წელი არც არის დიდი დღესასწაული,იქ მთავარი დღესასწაული შობაა, 25 დეკემბერს. ისე დაემთხვა, რომ ვერც მე ვიქნები შობას მასთან ერთად.

 -ის დრო, რაც ამერიკაში გაატარეთ, რამდენად მარტივი იყო თქვენთვის? მით უმეტეს, რომ გათხოვებამდე ძალიან აქტიური ცხოვრებით იყავით დაკავებული და საკუთარ საქმეში წარმატებული იყავით…

– ემიგრაციაში ყოფნა ძალიან რთულია მიუხედავად იმისა, რომ მე სხვებთან შედარებით ბევრი გამიმართლა, რადგან აქაც და იქაც ძირითადად იმას ვაკეთებ, რაც მომწონს.მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სიძნელეები მქონდა, ჩემთვის ეს ყველაფერი არ ყოფილა ისეთი რთული, როგორც ჩვენი უამრავი თანამემამულისათვის, რომლებიც იქ ძალიან ბევრს შრომობენ და მუდმივ მონატრებაში არიან.

-სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

-სამწუხაროდ ვერაფერს, ჯერჯერობით (იცინის). ჩემს ცხოვრებაში სულ საინტერესო რაღაცებ ხდება, მაგრამ ახლა ვერ გაგიმხელთ, მოდით სიურპრიზად დავტოვებ…

-რას ეტყვით „ნიჭიერის“ მონაწილეებს და გულშემატკივარს?

-მონაწილეებს ვეტყოდი, რომ ეს სეზონი იმდენად მაგარია, რომ აქ მონაწილეობაც გამარჯვებაა. მაყურებელს ვეტყოდი, რომ წინ საოცარი შოუ ელის, რადგან სამშაბათს „რუსთავი 2“-ზე მორიგი ნახევარფინალია და საოცარი სანახაობა გელით. მინდა გულშემატკივარს მოვუწოდო, რომ აუცილებლად დაურეკონ თავის რჩეულს, რადგან მათი ცხოვრება შესაძლოა ერთმა ზარმა შეცვალოს…

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ნუკი კოშკელიშვილი. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები