გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმის, იაკობ ბრეგვაძის ფოტოაპარატს ხელახალი ექსპერტიზა უტარდება. მოთხოვნა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში 4 ივლისსაა გაგზავნილი.
საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 24 ივნისს ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით ფოტოაპარატში მოთავსებული მეხსიერების ბარათიდან ამოღებულია და აღდგენილი იქნა გრაფიკული და ვიდეო ფაილები, ხოლოს სხვა სახის მასალების ამოღება-აღდგენა შსს-ს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ხელთ არსებული აპარატურით შეუძლებელი აღმოჩნდა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, შსს საექსპერტო კრიმინალურ დეპარტამენტში ვერ აღდგა წაშლილი მასალები, რომელიც შესაძლოა ასახავდეს საქმის მნიშვნელოვან ნაწილს, ამიტომ ამჯერად ექსპერტიზა ფოტოაპარატს ლევან სამხარაულის ბიუროში ჩაუტარდება.
გავრცელებული ცნობით, 24 ივნისს ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი მეხსიერების ბარათიდან ამოღებულია და აღდგენილ იქნა 2198 არსებული და 1700 წაშლილი სტატუსის მქონე გრაფიკული ფაილი და 28 არსებული სტატუსის მქონე ვიდეო ფაილი, ხოლო სხვა სახის მასალის ამოღება-აღდგენა წარმოდგენილი მეხსიერების ბარათიდან, ექსპერტთა ხელთ არსებული აპარატურულ-პროგრამული საშუალებებით შეუძლებელი აღმოჩნდა. ჯამში, ფოტოკამერიდან ამოღებულმა მასალამ 6 DVD დისკი შეადგინა.