LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა ნათელაშვილი IRI-სა და NDI-ის წარმომადგენლების წინააღმდეგ აშშ-ის სასამართლოში ჩივილს გეგმავს

155
შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა“ (IRI) და „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) წარმომადგენლების წინააღმდეგ აშშ-ის სასამართლოში ჩივილს გეგმავს.

აღნიშნულის შესახებ შალვა ნათელაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და თქვა, რომ „ლეიბორისტულ პარტიას“ ანტიამერიკანიზმს ვერავინ დააბრალებს.

როგორც „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა აღნიშნა, გუშინ გამოქვეყნებული ე.წ. პოლიტიკურ-პარტიული რეიტინგები წარმოადგენს იმ დისკრიმინაციის გაგრძელებას, რასაც ამერიკული ინსტიტუტები 25 წლის მანძილზე „ლეიბორისტული პარტიის“ წინააღმდეგ ეწევიან:

„ჩვენ ვიყავით პირველი და ერთადერთი, რომელიც ითხოვდა ამერიკული სამხედრო ბაზების განლაგებას საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის ატომური იარაღის, ვიდრე, სულ მცირე, რუსეთის მიერ ოკუპაცია გრძელდება.

ამის მიუხედავად, გუშინ გამოქვეყნებული ე.წ. პოლიტიკურ-პარტიული რეიტინგები იმ დისკრიმინაციის გაგრძელებას წარმოადგენს, რასაც ამერიკული ინსტიტუტები 25 წლის მანძილზე „ლეიბორისტული პარტიის“ წინააღმდეგ ეწევიან და ამ მუშაობისა და დისკრიმინაციის შედეგად, არაფრით დაიღალნენ.

ხან გადატრიალება და რევოლუციები მოგვიწყვეს, ხან პარლამენტიდან გამოგვყარეს, ხან როგორც პარტია აგვკრძალეს. რეიტინგების, ეგზიტპოლების გაყალბება ჩვენ მიმართ უწყვეტი პროცესია და  ამის ართქმა გუშინ წაკითხული მორიგი მარაზმის შემდეგ, უკვე აღარ შეიძლებოდა.

შესაბამისად, იძულებული ვხდებით, დავიწყოთ სარჩელის მომზადება აშშ-ის საერთაშორისო „რესპუბლიკური“ და „საერთაშორისო ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტების“ აქაური წარმომადგენლებისადმი აშშ-ის სასამართლოში შესატანად, რათა ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოეღოს იმ პროცესს, რაც ჩვენი პარტიის წინააღმდეგ ხორციელდება.

იმედია, ამ ინფორმაციას ამერიკელი მეგობრები, რომლებიც აქ არიან სამოღვაწეოდ ჩამოსული, და ეს მოღვაწეობა გამოიხატება, მათ შორის, ასეთ რეიტინგებშიც, ყურადღებით მოგვისმენენ. ჩვენ აღარ ვაპირებთ გაჩუმებას. საკმარისია, რაც გაგვიკეთეს ამდენი წელი.

განცვიფრებული ვარ, როდესაც ვაშინგტონში ჩავდივარ, სხვა სიტუაციაა. უამრავი კეთილგანწყობილი მეგობარი მყავს ამერიკის უმაღლეს პოლიტიკურ ელიტაში, აქ ჩამოვდივარ, ვხედავ ამათ 25 წელია, რომლებიც აცრილი არიან „ლეიბორისტულ პარტიაზე“.

მათი ხათრით ვერანაირად ვერ გავხდებით მორფინისტები და ვერც ერთსქესიანები, მიუხედავად იმისა, რომ ორივე კატეგორიას დიდ პატივს ვცემთ. იმედია, ჭეშმარიტება გაიმარჯვებს და ამერიკის სასამართლო ობიექტურად დაადგენს მტყუანს და მართალს.

აქ წარმოდგენილი ამერიკული ინსტიტუტები ხელს გვიშლიან, 25 წლის მანძილზე დაკავებული არიან პარტიის წინააღმდეგ არჩევნების რეიტინგებისა და ეგზიტპოლების გაყალბებით“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ცნობისთვის, საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ 19%, ენმ 14%, გახარიას პარტია 3%.

პარტია „საქართველოსთვის – გიორგი გახარიას“ ხმას მისცემდა სამი პროცენტი, „გირჩი – მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – სამი პროცენტი, „ლეიბორისტული პარტია“ შალვა ნათელაშვილი, „ლელო“, „გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ხალხისთვის – ანა დოლიძე“, „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ ხმას მიცემდა ორ-ორი პროცენტი.