LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაჰ-დენიზის გაზსადენის გაფართოებისთვის საქართველოში 2 მლრდ-იანი ინვესტიცია განხორციელდება

142

”სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე 2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილსა და კომპანია BP–ის რეგიონულ პრეზიდენტს შორის შეხვედრაზე განაცხადეს.

შეხვედრაზე განიხილეს პროექტები, რომლებსაც კომპანია BP-ი საქართველოში ახორციელებს.

პრემიერის პრეს-სამსახურის ცნობით, ყურადღება გამახვილდა შაჰ-დენიზის მეორე ფაზის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებზე.

ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების პროექტის მნიშვნელობას, რომლის მშენებლობა 2019 წლისთვის უნდა დასრულდეს.

პროექტის ფარგლებში, აზერბაიჯანიდან საქართველოსთვის  მიღებული გაზის მოცულობა საგრძნობლად გაიზრდება.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბრიტანული მულტინაციონალური ნავთობისა და გაზის კომპანია BP–ის რეგიონულ პრეზიდენტთან აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში,  გორდონ ბირელთან შეხვედრა დღეს გამართა.

გორდონ ბირელმა საქართველოს პრემიერ–მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია კომპანიის სამომავლო გეგმების შესახებ და თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.

მულტინაციონალური ნავთობისა და გაზის კომპანია BP-ს მთავარი ოფისი განთავსებულია ბრიტანეთში, ქ. ლონდონში. კომპანიას აქვს წარმომადგენლობები სხვადასხვა ქვეყანაში. კომპანია BP საქართველოში 1996 წლიდან მოღვაწეობს.