დედაქალაქს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატა – დიდ დიღომში, მე-3 მიკრორაიონის დასაწყისში პარკის მოწყობის სამუშაოები დასრულდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძემ საბურთალოს რაიონის გამგეობის თანამშრომლებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.
„წლების განმავლობაში, დიდი დიღმის მოსახლეობა მეორე და მესამე მიკრორაიონებს შორის, ე.წ. წრესთან მდებარე ტერიტორიაზე, სადაც ძველი სპორტული მოედანი იყო, პარკის გაშენებას ითხოვდა, თუმცა, ტერიტორია გასხვისებული იყო. წლების წინ, იყო მავნე პრაქტიკა, როდესაც რეკრეაციული სივრცეების და სპორტული მოედნების ხარჯზე, მშენებლობების განხორციელება და კორპუსების ჩადგმა ხდებოდა, რაც ძალიან ცუდი იყო და არავის მოსწონდა. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მშენებლობას, განვითარებას, აღმშენებლობასა და წინსვლას არავითარ შემთხვევაში არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს სწორად. დედაქალაქს ძალიან სჭირდება რეკრეაციული სივრცეები, რათა ჩვენმა შვილებმა სუფთა ჰაერი ისუნთქონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მოხდა მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა და აღნიშნული ტერიტორია ქალაქს დაუბრუნდა.
„ულამაზესი პარკი გაშენდა 14 700 კვ.მ ფართობზე. გაკეთდა ყველაფერი, ველობილიკებით, განათებით, სარწყავი სისტემითა და ატრაქციონებით. ყველაფერი არის გათვალისწინებული, რაც საჭიროა პარკში. რა თქმა უნდა, ეს მიდგომა მომავალშიც გაგრძელდება და დედაქალაქს ძალიან ბევრ პარკს ვაჩუქებთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე ასევე, მოეწყო შადრევანი, ამფითეატრი, საბავშვო ზონა, სავარჯიშო და ძაღლების გასასეირნებელი სივრცეები, საფეხმავლო ბილიკები. ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, რომელიც მოიცავდა სარწყავი სისტემის მოწყობას, რულონური ბალახის დაგებას და სხვადასხვა სახეობის 735 ძირი ხე-მცენარის დარგვას.
აღნიშნული პროექტი საბურთალოს გამგეობამ განახორციელა და მისი ხარჯი 2 000 000 ლარს შეადგენს.