LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სეზონური გრიპის შემთხვევები შემცირდა – ჯანდაცვის სამინისტრო

gripi1

ჯანდაცვის სამინიტროს მონაცემებით, სეზონური გრიპის შემთხვევები შემცირდა. ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსის, მარინა დარახველიძის თქმით, ავადობის მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შემცირებულია. მაგალითად, თუ ამჟამინდელ მონაცემებს გრიპის ვირუსის პიკურ დღეებს შევადარებთ, შემთხვევები რეგიონებში 600-მდე, თბილისში კი 500-ი მაჩვენებლითაა შემცირებული.

როგორც დარახველიძე ამბობს, კლების ტენდენციაა შენარჩუნებული ამბულატორიული მიმართვიანობის კუთხითაც.

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის გამოძახების შემთხვევები შემცირებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით, ზარების გადამისამართება კი იმ ამბულატორიულ ცენტრებში ხდება, რომლებიც მოსახლეობას 24 საათის განმავლობაში ემსახურება.

დარახველიძის ინფორმაციით, ცენტრებს პაციენტები თავადაც აკითხავენ. ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ ეს ყველაფერი სეზონური გრიპის მენეჯმენტის სწორი მიმართულებით მუშაობას მიუთითებს.

„შემცირებულია სასწრაფო სამედიცინო სამსახურის გამოძახების რაოდენობა როგორც რეგიონებში, ასევე თბილისის მასშტაბით. კლების მაჩვენებელი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ერთ დონეზე ნარჩუნდება, თუმცა თუ გავითვალისწინებთ პიკურ მაჩვენებელს, რომელიც 5-6 იანვარს დაფიქსირდა, შემცირებულია რეგიონებში დაახლოებით 600-მდე, ხოლო თბილისში 500-მდე.

რაც შეეხება ამბულატორიების მიმართვიანობას თბილისში, ჩვეულებრივი რუტინული ამბულატორიული მიმართვიანობის გარდა, გვაქვს ხუთი ობიექტი, ამბულატორიული საოჯახო მედიცინის ცენტრები, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. მათთან ხდება სასწრაფო სამედიცინო სადგურიდან ზარების გადამისამართება. ყოველდღიურად 500-მდე და მეტი ზარი გადამისამართდება და მოსახლეობა ასევე თვითდინებითაც აკითხავს ამ ცენტრებს, სადღაც 250-300-350 ვიზიტი თვიდინებით სრულდება, რაც იმას მიუთითებს, რომ სწორი მიმართულებით ხდება სეზონური გრიპის მენეჯმენტი, რადგან პირველადი ჯანდაცვაა ის რგოლი, რომელმაც უნდა მართოს სეზონური გრიპის შემთხვევები. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ გაურთულებელ შემთხვევებს. ამ შემთხვევაში მკურნალობა უკვე ხდება რეფერალურ სტაციონალურ დაწესებულებაში“,- განაცხადა დარახველიძემ.

ამ ეტაპზე რეანიმაციული პაციენტების რიცხვი არ შემცირებულა, თუმცა ბოლო დღეებში მაჩვენებელი გაზრდილი არ არის.

მარინა დარახველიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის რეანიმაციაში 42 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას.

შეგახსენებთ,სეზონური გრიპის ვირუსის სამკურნალო პრეპარატ „ტამიფლუს“ ახალი პარტია, 10 ათასი ცალი, ქვეყანაში რამდენიმე დღეში შემოვა. პრეპარატის შესყიდვის პროცედურები უკვე დასრულდა. მედიკამენტთან ერთად გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო აცრების ახალი პარტიაც შეიძინეს, სულ ოთხი ათასი ცალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები