საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან 4,5-საათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა – ამის შესახებ სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა გუშინ, მთავრობის წარმომადგენლებთან და ეპიდემიოლოგებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე არ იყო კერძო სექტორის არცერთი არგუმენტი გაზიარებული.
,,არ ვიცი რა უნდა ვთქვა. მოლაპარაკების შემდეგ, კრება დარჩა მხიარული. არ შევთანხმებულვართ არაფერზე არც ჩვენ და არც სხვა ბიზნესის წარმომადგნელი. ყველაზე რთულ ვითარებაში მაინც მთის კურორტები არიან, რომლებსაც მთელი სეზონი უწევთ, რომ იყვნენ დაკეტილი“, – ამბობს ალავერდაშვილი.
სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელის განმარტებით, მსგავსი შეხვედრა აქამდეც უნდა შემდგარიყო და მთის კურორტების გახსნის საკითხზე ემსჯელათ.
„ჩვენთვის უნდოდათ აეხსნათ, თუ რატომ არ უნდა გაიხსნას ძირითადი მიმართულებები. ეს ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ ვისურვებდით, პირდაპირი პასუხი ჰქონდეს მთავრობას, რომ წელს მთის კურორტები არ გაიხსნება, ასეთი პასუხი მინდა. ის კი არა, რომ ვნახოთ და რაღაც… ვნახოთი აღარ გამოდის, მთის კურორტებს თავისი სეზონი აქვს. პირველ მარტს რომ მითხრან გაიხსნებაო, 95 პროცენტი მაინც აღარ გაიხსნება, რადგან აზრი აღარ აქვს. დღევანდელი პოზიცია, რომ პირველ თებერვალს ნამდვილად არ გაიხსნება მთის კურორტები და აი, ორი კვირის შემდეგ შევხედავთ რა იქნება, ეს ჩვენთვის მესიჯია, რომ შესაძლოა, წელს მთის კურორტები საერთოდ არ გაიხსნას. ფაქტობრივად, მეორე სეზონი ჩავარდა სამთო-სათხილამურო კურორტებზე და 60 პროცენტი ობიექტებისა უკვე იყიდება. ზოგადად ეკონომიკაში საკმაოდ რთული ვითარება დადგება“, – აღნიშნა შალვა ალავერდაშვილმა.