LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სესილიენჰოფი: ამბავი თუ სად და როგორ დაიწერა ევროპის მომავალი – პოტსდამის კონფერენცია პრუსიის უკანასკნელი პრინცის სასახლეში

158
11111111

სესილიენჰოფის სასახლე მდებარეობს იუნგფერნზეს ტბის (Jungfernsee: ზუსტი თარგმანი – ქალწულის ტბა) ნაპირთან პოტსდამის თვალწარმტაც Neuer Garten-ის (ახალი ბაღი) ნაწილში. ამ მშვენიერი ადგილის ისტორია უკავშირდება კრონპრინცესა სესილიას სახელს, რომელმაც აქ 1945 წლის თებერვლამდე იცხოვრა.

ჰოენცოლერნების დინასტიის უკანასკნელი სასახლე, რომელიც პრუსიას თითქმის 500 წელიწადი მართავდა.

სასახლის მშენებლობა 1913 წელს დაიწყო და პირველი მსოფლიო ომის გამო შეჩერდა.

სასახლის მშენებლობა დაჯდა 1.5 მლნ რეიხმარკა, რაც დღევანდელი გათვლით 7 მლნ ევროს აღემატება.

სესილია იყო მეკლენბურგ-შვერინსკის დიდი ჰერცოგის ფრიდრიხ III-ის ქალიშვილი,
რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ პირველის შვილიშვილი, რომელიც ცოლად გაჰყვა პრუსიის უკანასკნელ კრონპრინც ვილჰელმს. 1918 წელს გერმანიის იმპერიის დაცემის შემდეგ კაიზერი და კრონპრინცი ტახტს ჩამოშორდნენ და ნიდერლანდებში გადაასახლეს. სესილია შვილებთან ერთად ბრესლაუში (ამჟამინდელი პოლონეთის ვროცლავი) დასახლდა. 5 წლის შემდეგ ოჯახი ისევ შეერთდა და მათ სესილიენჰოფის სასახლეში ცხოვრების უფლება მიიღეს.

დადგა 1945 წელი. ოჯახს ისევ მოუწია საკუთარი სახლის დატოვება – საბჭოთა ჯარი უახლოვდებოდა.
მთელი ქონება ახლომდებარე ფერმაში გადაზიდეს, რომელიც მოგვიანებით ხანძარს შეეწირა.

რეზიდენცია ინგლისური მამულების სტილშია დაპროექტებული. მაღალი სახურავი, აგური, მუქი მუხის ნახევრადხის ელემენტები, კედლების ხით მოპირკეთება, დეკორატიული კონსტრუქციები, 55 საკვამური, რომლებიც ერთმანეთს არ ჰგავს, სასახლეს პეწს მატებს, რომელიც ტიუდორების მმართველობის ეპოქას მოგაგონებთ.
ამას ემატება ლამაზი ტყის პარკი, ტბის პანორამა და სასახლე ზღაპრულ გარემოს ქმნის. ეს არის იდილიური ადგილი, რომლის დატოვება არ მოგინდება: სეირნობა, სუფთა ჰაერი, პეიზაჟები, სიმშვიდე… აქ დასეირნობდნენ კაიზერები, იმპერატორები, პრინცები და პრინცესები და… აქ ჩატარდა ცნობილი პოტსდამის კონფერენცია.
სასახლის პარკის ბილიკებზე უკვე სხვა ისტორიული პერსონაჟები დადიოდნენ: სტალინი, უინსტონ ჩერჩილი და ჰარი ტრუმენი…

სასახლის დიზაინზე პასუხისმგებელი იყო არქიტექტორი პაულ შულცე-ნაუმბურგი. პრინცთან ერთად მან გადაწყვიტა მე-16 საუკუნის ინგლისური ფორმის შესანიშნავი კომპლექსი აეგო – 176 ოთახი. ამ ეპოქის ყველაზე დამახასიათებელი ელემენტი იყო ხე. ის გამოიყენებოდა როგორც ფასადზე, ისე ინტერიერის გაფორმებისას. სესილიენჰოფის სასახლეში ხე ფასადების დიდ ნაწილს ფარავს, ზოგჯერ მთელ სიმაღლესაც, ჩვეულებისამებრ კი მხოლოდ ზედა ნახევარს.

ინტერერის მოწყობაზე პასუხისმგებელი იყო პაულ ლუდვიგ ტროოსტი, რომელმაც სახელი გაითქვა როგორც საოკეანო ლაინერებზე კაიუტებისა და ოთახების ნიჭიერმა დეკორატორმა. მისი გამოცდილება კარგად ჩანს ზოგიერთ ოთახში, ხოლო ერთ-ერთი სწორედ გემის კაიუტის იმიტირებას წარმოადგენს.

სასახლე ორად დაიყო. პირველ სართულზე მოეწყო დარბაზები, სასადილო და მოსასვენებელი ოთახები. პირველივე სართულზე მოეწყო საუფლისწულო წყვილის აპარტამენტები და ოთახები სტუმრებისთვის. კომპლექსი გამოირჩევა შიდა ეზოებითაც, ცენტრალურის გარდა გააკეთეს რამდენიმე მცირე ზომისაც.

საინტერესოა, რომ შულცე-ნაუმბურგიც და ლუდვიგ ტროოსტიც ადოლფ ჰიტლერს უჭერდნენ მხარს, ტროოსტი კი მესამე რაიხის მეთაურის საყვარელი არქიტექტორიც კი იყო.

სესილია პირადად მონაწილეობდა გეგმის შექმნასა და მორთულობის შერჩევაში. ის ახალ სასახლეში ჯერ კიდევ სამუშაოების დასრულებამდე დასახლდა, რათა სწორედ აქ გაეჩინა მეექვსე შვილი. გოგონასაც სესილია დაარქვეს.

სესილიას ბავშვობაში ასთმა აწუხებდა, ამიტომ დიდ დროს ატარებდა რივიერაზე. სწორედ ამ დროს შეუყვარდა საზღვაო მოგზაურობა. მოგვიანებით ქმართან ერთად იმყოფებოდა ცეილონში (დღეს შრი-ლანკა), ინდოეთსა და ეგვიპტეში, ხოლო თავისი კაბინეტი სასახლეში კაიუტის სტილში გააფორმა. ამ ოთახში დიდწილად შენარჩუნებულია ორიგინალური მოწყობილობა.
ხმა დადიოდა, რომ თითქოს სარდაფში ძრავი იყო, რათა გემის ხმაური გამოეწვია. მეტი სინამდვილისთვის ავეჯი დააჭედეს (სკამების გარდა), როგორც ნამდვილ კაიუტაში, თუმცა აქ შტორმის საშიშროება არ ყოფილა. ქარიშხალი სხვა მხრიდან მოვიდა, სასახლის ბედი 1918 წლის ნოემბრის რევოლუციამ შეცვალა.

სასახლის და პარკის ახალი ცხოვრება

კოალიციის (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი) გადაწყვეტილებით პრინცის პარკი და ბაღი გაიხსნებოდა ყველა მსურველისთვის.
1960 წელს აქ სასტუმროს კარიც გაიღო. დღეისათვის აქ გახლავთ ლუქს-სასტუმრო Relexa Schlosshotel Cecilienhof.
ტურისტებს შეუძლიათ ეწვიონ ისტორიულ მუზეუმს, ასევე დაათვალიერონ კრონპრინცისა და მისი მეუღლის პირადი ოთახები.

2007 წელს ეს ადგილი შეარჩიეს „დიდი რვიანის“ მორიგი შეხვედრის ჩასატარებლად.
სასახლეს რამდენჯერმე ეწვია ინგლისის დედოფალი ელიზაბეთ მეორე.

უკანასკნელი კრონპრინცის რეზიდენცია დღეს სასტუმრო და მუზეუმია.

სესილიენჰოფის სასახლე (სხვა სამეფო სასახლეებთან და ბაღებთან ერთად) 1990 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანეს.

მიღებები და მნიშვნელოვანი შეხვედრები ტარდებოდა ყოფილ მუსიკალურ დარბაზში – თეთრ სალონში. სესილიანჰოფში პრეზიდენტმა ტრუმენმა პირად საუბარში სტალინს უთხრა აშშ-ს მიერ ატომური ბომბის წარმატებულ გამოცდაზე. სწორედ პოტსდამიდან გასცა მან ტელეფონით ბრძანება ახალი იარაღი იაპონიაში (ჰიროსიმა) გამოეყენებინათ.

საბჭოთა მონაწილეებს კრონპრინცის ყოფილი კაბინეტი გამოუყვეს, რომელსაც წითელი სალონი ეწოდა. ამერიკელებს მისცეს ვილჰელმის მოსაწევი სალონი. ბრიტანელებმა დაიკავეს ბიბლიოთეკა. დელეგაციები ბაბელსბერგის რაიონში მდებარე ვილებზე ცხოვრობდნენ.

საერთო ჯამში, კონფერენციისთვის გაარემონტეს და განაახლეს დაახლოებით 35 დარბაზი და ოთახი, ანუ მეხუთედი ნაწილი. დანარჩენებში მოგვიანებით მოეწყო გდრ-ს ქალთა კავშირის საგანმანათლებლო ცენტრი, დასავლეთ ნაწილში კი, როგორც ვთქვით, 1960 წელს სასტუმრო გახსნეს.

კონფერენციისთვის

სხდომათა დარბაზში მდებარე მრგვალი მაგიდა (დიამეტრი 3.05 მ) ავთენტიკურია, რომელიც მოსკოვში, ფაბრიკა „ლუქსში“ სპეციალურად ამ კონფერენციისთვის დაამზადეს. აი სკამები კი იმავე სტილისაა, ოღონდ არა ის, რომლებზეც ისხდნენ მსოფლიო ლიდერები.

ფოტოზე მარჯვნივ, ოდნავ მაღალ სკამზე იჯდა სტალინი

შთამბეჭდავია მუხის მოჩუქურთმებული კიბე. ის შესრულებულია „დანციგის ბაროკოს“ სტილში და საჩუქრად გადაეცა ქალაქ დანციგისგან (დღევანდელი გდანსკი).

დიდი დარბაზი სიმაღლეში სასახლის ორივე სართულს იკავებს (26 მეტრი 12-ზე).

პოტსდამის კონფერენციის მსვლელობისას დელეგაციის წევრები ამ სასახლეში არ ცხოვრობდნენ, მხოლოდ სხდომებზე მოდიოდნენ. ვილჰელმისა და სესილიას დროინდელი ორიგინალური ავეჯი ძირითადად გაიტანეს (რომელიც ხანძრის დროს განადგურდა). კონფერენციისთვის ავეჯი სხვა სასახლეებიდან მიიტანეს, რათა სხვადასხვა სტილის შერწყმა მომხდარიყო. დელეგაციის ხელმძღვანელებისთვის ცალკე კაბინეტები გამოჰყვეს.

ოთახი, სადაც სტალინი გაჩერდა, მისი გემოვნებით გააწყვეს. დადგეს ტყავის დივანი და საწერი მაგიდა. მთავარ შესასვლელთან სტალინის ბრძანებით საბჭოთა ჯარისკაცებმა ყვავილებისგან წითელი ვარსკვლავი ააწყვეს.

აშშ-ს პრეზიდენტ ჰარი ტრუმენის ოთახი გააფორმეს დახვეწილი ავეჯით კლასიციზმის სტილში პოტსდამის მარმარილოს სასახლიდან.

უინსტონ ჩერჩილის ოთახი ბაბელსბერგის სასახლის ნეოგოთიკური ავეჯით გაალამაზეს.

 

პოტსდამის კონფერენცია

სესილიენჰოფის სასახლე გახდა პოტსდამის კონფერენციის ჩატარების ადგილი, რომელშიც მონაწილეობდნენ გამარჯვებული დიდი ქვეყნების – სსრკ-ს, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები. მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღეს პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა (აშშ), პრემიერ-მინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა (დიდი ბრიტანეთი) და იოსებ სტალინმა. კონფერენციის მიმდინარეობისას ჩერჩილი შეცვალა მისმა მემკვიდრემ პრემიერის პოსტზე კლემენტ ეთლიმ. საფრანგეთის წარმომადგენელი კონფერენციაზე არ მიიწვიეს.

კონფერენცია მიმდინარეობდა 1945 წლის 17 ივლისიდან 2 აგვისტომდე. ეს იყო დიდი სამეულის ბოლო შეხვედრა, რამაც დიდწილად განსაზღვრა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიო მოწყობა.

აქ მოეწერა ხელი ფაშისტური გერმანიის ჯარების კაპიტულაციის შეთანხმებას.

ცნობილი სკამები, რომლებზეც ისხდნენ მსოფლიო ლიდერები: მარცხნიდან ჩერჩილი, ტრუმენი და სტალინი


ომის შემდგომი მოწყობა

აქ, კრონპრინცის ყოფილ რეზიდენციაში, 1945 წელს განისაზღვრა ევროპის ომის შემდგომი მოწყობა, დადგინდა გერმანიის გაყოფა და მიიღეს ბევრი სხვა გადაწყვეტილება. კერძოდ, სტალინმა მოიპოვა აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა სსრკ-სთვის გადაეცათ პრუსიის ქალაქი კენიგსბერგი (დღევანდელი კალინინგრადი).

მიიჩნევა, რომ სწორედ პოტსდამის კონფერენცია გახდა ფორუმი, სადაც დაიწყო დასავლეთსა და საბჭოთა კავშირს შორის დაპირისპირება, რომელიც ცივ ომში გადაიზარდა. აქ მიიღეს გადაწყვეტილება დაენაწევრებინათ გერმანია ავტონომიურ დასავლეთ და აღმოსავლეთ საოკუპაციო ზონებად, რამაც მოგვიანებით გფრ-სა (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) და გდრ-ს (გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა) შექმნა გამოიწვია.

ამასთანავე, მიიღეს გადაწყვეტილება გერმანიის დემილიტარიზაციასა (სამხედრო ზომისა და გავლენის შემცირება) და დენაციფიკაციაზე (ნაცისტური იდეოლოგიისგან გათავისუფლება). გადმოიტანეს პოლონეთის დასავლეთ საზღვარი, ასევე განსაზღვრეს რეპარაციის წესი (ომით მიყენებული ზარალის საკომპენსაციო თანხა). თუმცა, კონკრეტული თანხა არ დაუსახელებიათ, გამარჯვებული-ქვეყანა თავის პრეტენზიებს გერმანიის ხარჯზე საოკუპაციო ზონების ტერიტორიებზე ცალმხრივ რეჟიმში დაიკმაყოფილებდა.
გარდა ამისა, მიღებული დოკუმენტი ითვალისწინებდა გერმანიაში პოლონეთიდან, ჩეხოსლოვაკიიდან და უნგრეთიდან გერმანული მოსახლეობის გადაადგილების წესს.

ომს წერტილი დაესვა. პოტსდამის კონფერენციაზე გადაწყდა ახალი მსოფლიო წესრიგის საკითხები. გერმანია ორად გაყვეს. იუნგფერნზეს ტბაზე გაივლო დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიას შორის საზღვარი.

პოტსდამის კონფერენცია ისტორიაში შევიდა როგორც უზარმაზარი საერთაშორისო მნიშვნელობის მოვლენა. მან პლანეტის პოლიტიკურ ცხოვრებაში ფუნდამენტური გარდატეხა მოახდინა.

სამუშაო დრო:
აპრილი-ოქტომბერი: 10:00-18:00 სთ
ნოემბერი-მარტი: 10:00-17:00 სთ
ორშაბათი: დასვენების დღე
ფასი: 12 ევრო

ოფიციალური საიტი: www.spsg.de

როგორ მივიდეთ: ავტობუსი №603, 606, 638 – გაჩერება Schloss Cecilienhof.

მისამართი: პოტსდამი, Schloss Cecilienhof Im Neuen Garten, 11, 14469.

ვახტანგ დარასელია
პოტსდამი-თბილისი
ავტორის ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები